საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, კომპანიებმა „ჯეიპიმორგანმა” და „დოიჩე ბანკმა“ გამოხატეს ინტერესი საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების, ასევე, საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში, აღნიშნული ორი საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც საქართველოს ეკონომიკის, ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.