ბიტკოინის ფასმა 5 874 დოლარს მიაღწია

ციფრული ვალუტების ბაზარზე ფასების განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად ისევ ჩინეთი რჩება.

სწორედ ცისქვეშეთიდან გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციის წყალობით, ყველაზე პოპულარულმა ციფრულმა ვალუტა ბიტკოინმა, ახალ რეკორდულ ფასს - 5 874.30 დოლარს მიაღწია.

დღეს გავრცელდა ინფორმაცის იმის შესახებ, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა უარი თქვას მის ტერიტორიაზე ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვაზე. თუმცა იმავდროულად, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, ამ ტიპის ვალუტების მიმოქცევაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს, რისი მიზანიც, ფულის გათეთრების ოპერაციების აღკვეთაა.

არადა, სულ ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვა გადაწყვიტა. ამას ბიტკოინის და ციფრული ვალუტების უმეტესობის ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა, რამაც კომერციის ამ შედარებით ახალ სახეობაზე ბუმი გაანელა.

ჩინეთის ფაქტორის გარდა, ბიტკოინის გამყარებას კიდევ ერთი გარემოება უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ ბიტკოინს მორიგი ეგრეთ წოდებული „ფორკი“ (გაყოფა) ელის, რის შემდეგაც წარმოიქმნება „ბიტკოინ გოლდი“. ბიტკოინის მფლობელები კი ავტომატურად მიიღებენ ბიტკოინ გოლდს, რომელიც ალბათ გაყოფის შემდეგ, ძირითად ვალუტად გარდაიქმნება.