პეკინის ქუჩაზე არსებული ველობილიკი შესაძლოა, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დაუკავშირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.
დღეს, ტრანსპორტის სამსახურმა არასამთავრობო სექტორთან ერთად ახალი ველობილიკის მარშრუტის შესასწავლად ველომსვლელობა მოაწყო.
პროექტის თანახმად, ველობილიკი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მეტრო „უნივერსიტეტის“, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირების გავლით პეკინის ქუჩას უნდა შეუერთდეს. შემდეგ, ველობილიკი შესაძლოა, მტკვრის სანაპიროზე არსებული ველომარშრუტის მეშვეობით დედა ენის ბაღსაც დაუკავშირდეს.
თბილისის მერიის მიზანია, რომ დედაქალაქში ველოსიპედისტებზე ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული ველობილიკების ქსელი მოკლე ხანებში გაფართოვდეს და ეტაპობრივად თბილისის ყველა უბანი მოიცვას.
პროექტის შესწავლაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი“.