ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და „გორგიას“ დირექტორს შორის ქონებრივი დავა არსებობდა.
როგორც ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დავა 2010 წლიდან მიმდინარეობს და ნინო დარსალია გია გორგოშაძეს კუთვნილი ქონების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, საქმე ეხება 10 მილიონი დოლარის ქონებას. მისივე თქმით ამ საქმეში ყოფილი პარლამენტარი, ნანა ყეინიშვილიც ფიგურირებს. საქმეზე გამოძიებას თბილისის პოლიცია 2013 წლიდან აწარმოებს. არჩილ ჩუბინიძე საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დროული დასრულებისკენ მოუწოდებს.
„გიდასტურებთ, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოებას ადგილი ჰქონდა. დავა მომდინარეობს 2010 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ნინო დარსალია და გია გორგოშაძე განქორწინდნენ. მათი ერთოლივი ბიზნესის გაყოფის დროს დადგა აუცილებლობა, რომ გარკვეულიყო თუ რა ქონება ეკუთვნოდა ნინო დარსალიას და რა გია გორგოშაძეს. მოხდა გარკვეულ ქონებაზე შეთანხმება, გარკვეული ქონების გია გორგოშაძეზე გადაცემა, რისთვისაც მას ნინო დარსალიასთვის უნდა გადაეხადა 10 მილიონი დოლარი, თუმცა მან ეს თანხა არ გადაიხადა. გია გორგოშაძემ თაღლითური გზებით მოახერხა დარსალიასგან ქონების მიღება, რასთან დაკავშირებითაც ქალბატონ ნინოს არაერთხელ ჰქონდა შეტანილი საჩივარი. თუმცა, 2013 წლიდან თბილისის პოლიციაში დაწყებულია გამოძიება, ნინო დარსალიას მიმართ თაღლითობის ფაქტზე. ამ თაღლითობის სქემაში ასევე ფიგურირებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნანა ყეინიშვილიც და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ხდებოდა მასალების მოძიება ამ ორი პიროვნების პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ბოლომდე მიყვანას და მათ პასუხისგებაში მიცემას“, - განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.