დუბაიში მარსის ქალაქის სიმულატორი აშენდება (+ფოტო)

დუბაი არაერთი გამორჩეული ნაგებობით გვაოცებს, იქნება ეს ხელოვნური კუნძულები, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრი, დახურული სათხილამურო ფერდობი თუ სხვა.

იქ რომ პროექტს მოიწონებენ და მის განხორციელებას მწვანე შუქს აუნთებენ, საქმე ბოლომდე მიჰყავთ. ახლახანს ქალაქის ხელისუფლებამ კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი მოიწონა, რომელიც დუბაის მახლობლად, მარსის ქალაქი-სიმულატორის აგებას ითვალისწინებს.

bpnმსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორის, დანიელი ბიარკე ინგელსის მიერ შემუშავებული პროექტის სახელია „მარს საიენს სიტი“ და მის მიხედვით, 176 516 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული სივრცე აშენდება. პროექტის განხორციელებას 140 მილიონი დოლარი მოხმარდება.

ქალაქი რამდენიმე ნახევარსფერულ, გამჭვირვალე კედლების მქონე ნაგებობას მოიცავს, რომელშიც მარსის „კოლონიზატორები“ დაახლოებით ერთ წელს გაატარებენ და მარსის გარემოსთან მიახლოებულ პირობებში იმუშავებენ.

საცხოვრებელი სექტორის გარდა, მარსის ქალაქში რამდენიმე ლაბორატორიაც განლაგდება, სადაც ექსპერიმენტის მონაწილე მეცნიერები საკვებს, ენერგიას და წყალს აწარმოებენ. სამეცნიერო ქალაქის შიგნითვე მოთავსდება მუზეუმი, რომელშიც კოსმოსის შესწავლის სფეროში ადამიანის მიღწევების ამსახველი ექსპოზიციები გამოიფინება. მუზეუმის კედლებს 3D-პრინტერის მეშვეობით ააგებენ, ზუსტად ისე, როგორც მარსზე რეალურ პირობებში შენობათა აგება იგეგმება. პრინტერი მშენებლობისთვის უდაბნოს ქვიშას გამოიყენებს.

bpn

წლის დასაწყისში, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა გამოაცხადა, რომ შემუშავებული აქვს ასწლიანი გეგმა, რომლის მიზანსაც მარსის ათვისება წარმოადგენს. გეგმის სახელია „მარს 2117“ და მისი საბოლოო მიზანი, წითელ პლანეტაზე დასახლების მშენებლობაა. ამ მიზნის მისაღწევად კი პროექტი არაერთ მეცნიერულ გარღვევას ითვალისწინებს.

ამ პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყება, როცა მარსზე პირველი უპილოტო ხომალდი გაიგზავნება. გეგმის შესაბამისად, ის პლანეტას ერთი წლის შემდეგ მიაღწევს.

bpn bpn