„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, ამბროლაურში მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმოში 25-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. საწარმო „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.
შპს „იწის წყალის“ საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, „იწის წყალი“ ამბროლაურში, გურგენიძის ქ. #18-ში მდებარეობს. საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 ლარს შეადგენს.
„რეგიონში მსგავსი საწარმოების გაჩენა, გარდა იმისა, რომ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე ქმნის ექსპორტის პოტენციალს. ეს კომპანიაც ორიენტირებულია არაბულ ქვეყნებში პროდუქციის გატანაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაშიც მივეხმარებით. ვთვლით, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საშუალო კომპანიებს დაეხმაროს როგორც ფინანსურად, ასევე ინფრასტრუქტურულად და წარმოების საშუალებებით“, - აღნიშნა საწარმოში ვიზიტის დროს გიორგი გახარიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, „იწის წყალი“ პროდუქციის წარმოებისთვის ქვაბტკარის წყლის საბადოს იყენებს, სადაც კომპანიამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სათანადო აღჭურვილობის მოწყობა უზრუნველყო.
„გარდა ამჟამად დასაქმებული 25 ადამიანისა, საწარმო სამომავლოდ გეგმავს კიდევ 20 თანამშრომლის აყვანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მზარდი და ვცდილობთ, რომ მხარდაჭერის ის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოს ამ ეტაპზე გააჩნია, გავხადოთ კიდევ უფრო მოქნილი და მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.
მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, რაჭაში ოჯახების დაბრუნების ტენდენცია დაიწყო, რაც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ძალიან ხელსაყრელ პირობებს უქმნის რაჭაში ბიზნესს განვითარებისთვის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ „იწის წყალის“ ამოქმედების გამო თბილისიდან ოთხი ოჯახი დაბრუნდა ამბროლაურში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „იწის წყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც შუშის, ასევე პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება და უახლოეს მომავალში როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა საცალო და ქსელურ სუპერმარკეტებში გაიყიდება.