სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მიულერმა აღნიშნა, ქართულ დელეგაციასთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
"შევთანხმდით, თუ როგორ განვავითარებთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიას მომავალი 5 წლის განმავლობაში. მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, რათა გაუმჯობესდეს საჯარო ფინანსების მართვა და ასევე გქონდეთ წარმატებული საბანკო სექტორი. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს განვითარების გზას და ვიმედოვნებ, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება. შეხვედრისას ვიმსჯელეთ იმის შესახებ, რომ წარმატებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.
მის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.