ირაკლი შიხიაშვილი : ავამუშავოთ უგულავას გაჩერებული თბილისი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ე.წ. ხრუშოვკებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები "ნაციონალების" მხრიდან, მიზნად თბილისის საკრებულოს დისკრედიტაციას ისახავს.

აღნიშნულ თემაზე ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ჩემი სახელის და გვარის დემონიზაცია ამ უმნიშვნელოვანესი თემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად იმ ადამიანებს შორის, ვისაც მწვავედ უდგას საცხოვრისის ავარიულობის პრობლემა და ჩვენს მიერ ამ თემის გაჟღერების შემდეგ გაუჩნდათ იმედი, რომ ხელისუფლება დაიწყებს ამ პრობლემის გადაწყვეტას. 

მინდა მივმართო თბილისელებს, რომ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში რვა ათასამდე ადამიანს პირადად შევხვდი. სწორედ მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებისას გამოჩნდა, რომ უმთავრესი პრობლემა არის ავარიული სახლები. ამიტომაც სასწრაფოდ დავიწყეთ ზრუნვა იმ კორპუსების გამაგრებაზე, რომელთა გამაგრებაც შესაძლებელია. ჩვენ შევპირდით თბილისელებს და ამ წელს უკვე ყველაზე მწვავე ავარიული 37 კორპუსის კაპიტალური გამაგრება დაიწყება.

რაც შეეხება "ხრუშჩოვკების" თემას, თბილისის საკრებულოს როლი ამ პროცესში არის ის, რომ მოახდინოს პრობლემის აქტუალიზაცია, რათა მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობის დაწყება და გაჩნდეს სწორი აქცენტები პრობლემის გადასაჭრელად.

"ნაცმოძრაობის" მერია, რომელიც ორ თვეში აუცილებლად დამთავრდება, ცდილობს მოსახლეობაში ნიჰილიზმის, უნდობლობის დათესვას იმის შიშით, რომ შეიძლება ელექტორატი აღარ შერჩეს. მერია ცდილობს ინვესტორების დისკრედიტაციას და ამ საქმის ჩანასახშივე ჩაკვლას. ერთი - იმ პარტიის მერობის კანდიდატი, რომელიც თბილისს ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, აცხადებს - "ავამუშავოთ თბილისი". გულწრფელები რომ იყვნენ, იტყოდნენ - ავამუშავოთ უგულავას გაჩერებული თბილისი", - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.