ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საკრედიტო სუვერენული რეიტინგების ამაღლება. სწორედ ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსიები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც, საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების - FitchRatings, Moody’s და Standard & Poor’s წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.