თბილისის მერია "თანაინვესტირების ფონდს" ,,პანორამა თბილისის"  განსახორციელებლად ჩუღურეთის რაიონს სთავაზობს

"თანაინვესტირების ფონდს" უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

მერიაში ამბობენ, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით არ იყო დასაბუთებული პროექტზე განაშენიანების გეგმის გაცემის მიზანშეწონილობა, ამიტომ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ "თანაინვესტირების ფონდს" უარი ეთქვას მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.

როგორც გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიაში ამბობენ, წარმოდგენილი კონცეფციიდან გამომდინარე, თავისი მასშტაბურობით პროექტი პირველ ეტაპზე ქალაქგეგმარებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით კვლევა-დასაბუთებას საჭიროებს, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ტერიტორიის სწორად შერჩევა ქალაქგეგმარებითი კუთხით შედარებითი კვლევა-ანალიზის საფუძველზე.

კომისიაში ფიქრობენ, რომ თბილისს გააჩნია პოტენციალი ალტერნატიულ ტერიტორიებზე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. კერძოდ, რკინიგზის გადატანით ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება დაახლოებით 80 ჰექტარი ტერიტორია, რაც იძლევა ქალაქის ახალი ცენტრის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნესცენტრის დაგეგმარების საშუალებას ჯანსაღი ინფრასტრუქტურით. ასევე შესაძლებელია შეირჩეს ჩუღურეთის რაიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე არსებული ყოფილი არსენალის ტერიტორია ანალოგიური იდეის "პანორამული ხედებით თბილისზე" განსახორციელებლად.