სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მოხსენებას აქვეყნებს , სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 8 თვის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 6.3 მლრდ ლარი და წლიური გეგმის 67% შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია ის ძირითადი საკითხი, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
”კერძოდ, 2017 წლის 8 თვის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 6.3 მლრდ ლარი და წლიური გეგმის 67% შეადგინა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა წლიური გეგმის 64% შეადგინა და მობილიზების მიმდინარე წლის ტენდენცია თანაბარზომიერებით ხასიათდება;
შემოსავლებთან დაკავშირებული სირთულეები აღინიშნება ორი მიმართულებით: დივიდენდების მობილიზაცია, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების არასათანადო კლასიფიკაცია, კერძოდ: სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან ბიუჯეტში მისამართი დივიდენდები ხასიათდება შესრულების დაბალი მაჩვენებლით.
ამასთან, 2017 წლის 8 თვის მდგომარეობით მიმართულია გეგმის 11.3% (158 ათასი ლარი). აღნიშნული გამოწვეულია შესაბამისი პასუხისმგებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არასათანადო შესრულებით აღნიშნული საწარმოების მიერ. მიზანშეწონილია, დაინერგოს კომისიის გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად და სრულად მიმართვას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სსიპ-ების მიერ საკუთარი შემოსავლების ბიუჯეტში მიმართვა ხდება „გრანტების“ და არა „შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ მუხლში. შესაბამისად, „შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ მუხლის გეგმური მაჩვენებელი გადაჭარბებული ოდენობით იქნა დაგეგმილი.
სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, მიზანშეწონილია, აღნიშნული რესურსები აისახოს „გრანტების“ მუხლში.
როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მოცულობა 2017 წლის ბიუჯეტის კანონით 11.4 მლრდ ლარის დონეზე განისაზღვრა.
„გადასახდელების ათვისება, მათ შორის „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების, წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში თანაბრად არ მიმდინარეობს და მკვეთრად იზრდება დეკემბრის თვეში. აღნიშნული ზრდის აუთვისებელი საბიუჯეტო რესურსების წლის ბოლოს არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური მდგომარეობა იყო 2016 წლის 8 თვეშიც, სადაც დეკემბრის თვის ხარჯვის მოცულობამ წინა 11 თვის ხარჯვის საშუალო მაჩვენებელს 45%-ით გადააჭარბა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჭიროა ყურადღება გამახვილდეს, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან ასიგნებების დროულ და თანაბარზომიერ ათვისებაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გასული წლების მსგავსად საბიუჯეტო წლის ბოლოს ასიგნებების მასშტაბური ათვისების ტენდენცია.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ორგანიზაციების მიერ პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებული ხშირი გადანაწილებები, ერთი მხრივ, მიანიშნებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სახსრების დეფიციტის რისკს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა საბიუჯეტო სახსრების მართვასთან დაკავშირებული 4 ძირითადი სახის სისტემური ხასიათის ნაკლოვანება: (ა) ხარჯთაღრიცხვის ხშირი და მასშტაბური ცვლილებები; (ბ) საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების უკუპროცესი; (გ) აუთვისებელი თანხების გადანაწილება სხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე; (დ) დაუგეგმავი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება;
დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ჯამურად პროგრამების ათვისების საშუალო მაჩვენებელი.
კერძოდ, 9 თვის დაზუსტებული გეგმის 80.9%-ს, ხოლო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული წლიური გეგმის 69.4%-ს შეადგენს, რაც დადებითია. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების დონეზე შეინიშნება დაბალი ათვისების ტენდენციები
„ზოგიერთი პროგრამების შესრულების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ განპირობებულია მიზნობრივი გრანტებისა და პირდაპირი საინვესტიციო ჩარიცხვების ფარგლებში გახარჯული რესურსით. აღნიშნულ რესურსებს არ გააჩნიათ გეგმური მაჩვენებელი და მათი ასახვა ხდება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეულ გადასახდელებში. შესაბამისად, ადგილი აქვს სახსრების ათვისებას დაზუსტებულ გეგმაზე მეტი ოდენობით;
მიზანშეწონილია პროგრამების გეგმასთან მიმართებაში ათვისების ანალიზი ჩატარდეს გეგმით გაუთვალისწინებელი მიზნობრივი გრანტებისა და პირდაპირი საინვესტიციო ჩარიცხვების სახით ფაქტობრივად გადახდილი სახსრების გამოკლებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემულ სახსრებს (1.4 მლრდ ლარი - 2017 წლის გეგმა, 8 თვის შესრულება - 64.9%), აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის არასრულყოფილად ასახავს საჯარო სექტორში შტატით მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ შრომის ანაზღაურებას.
„გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს, როგორც პრემიის, ასევე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი რაოდენობით გაცემას;
დანამატის გაცემის ფაქტი დასაბუთებულია ზეგანაკვეთური ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვით, თუმცა, უწყებების მიერ ვერ ხდება აღნიშნული ფაქტების დოკუმენტური დადასტურება;
რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს დანამატის წინასწარ, მთელი წლის მანძილზე დანიშვნის ფაქტებს;
რიგ ორგანიზაციებში მომუშავეთა ფაქტობრივი რიცხოვნობა ჩამორჩება დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ მაჩვენებელს;
ბიუჯეტის მიმდინარე შესრულების ანგარიშში არ ხდება მხარჯავი დაწესებულებების მიერ რეალურად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის შესახებ ანგარიშგება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, გარკვეული ხარვეზები შეინიშნება შტატგარეშე თანამშრომელთა მართვის კუთხითაც.
„„საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე მიმართული რესურსი არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული თანხების ოდენობას;
კანონი არ განსაზღვრავს ხელშეკრულების მაქსიმალური ხანგრძლივობის პერიოდს;
ბიუჯეტის კანონი არ შეიცავს ინფორმაციას შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მოცულობების შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია ფაქტობრივად ათვისებული სახსრების ოდენობის დაგეგმილ მაჩვენებელთან შესაბამისობის შედარება;
შტატგარეშე თანამშრომელთა ზღვრული მაჩვენებელიდან (საშტატო რიცხოვნობის 2%) განთავისუფლება შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. აღნიშნული შესაძლებლობის არსებობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო უწყებების მხრიდან ადგილი აქვს ლიმიტზე გადაჭარბების შემთხვევებს“, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებს, როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში მხარჯავი უწყებების მიერ სათანადოდ არ ხორციელდებოდა ბაზრის წინასწარი კვლევა და მიმდინარე პერიოდში შესასყიდი ობიექტის სავარაუდო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა.
„რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ადგილი აქვს შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შემზღუდველ ჩარჩოებში მოქცევასა და კონკრეტიზაციას;
გარკვეულ შემთხვევებში, მხარჯავი უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შესაძლებელი იქნებოდა ელექტრონული ტენდერის გამოყენება;
რიგ შემთხვევებში მხარჯავი უწყებების მიერ სათანადოდ არ ხორციელდებოდა ბაზრის წინასწარი კვლევა და მიმდინარე პერიოდში შესასყიდი ობიექტის სავარაუდო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრის ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პოტენციური მიმწოდებლები, ბაზრის კვლევის პროცესში მონაწილეობისას, ხშირ შემთხვევაში, შესასყიდი საქონლის ფასს გადაჭარბებით აფიქსირებენ;
ბაზრის შესწავლა აუცილებელია განხორციელდეს შესყიდვების სხვადასხვა ეტაპებზე, ინფორმაციის შეკრება უნდა მოხდეს განსხვავებული წყაროებიდან და შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ ბაზრის შესწავლის შედეგების დოკუმენტირება;
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განმკარგავი უწყებები არ განისაზღვრება ბიუჯეტის კანონის ფარგლებში, რაც აფერხებს დასაფინანსებელი პროექტების დროულ დაგეგმვასა და განხორციელებას. შესაბამისად, ფონდი ხასიათდება ათვისების დაბალი 6%-იანი მაჩვენებლით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში გამოყოფილია მთავრობის სარეზერვო ფონდის განკარგავსთან დაკავშირებული საკითხები, სადაც აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში ფონდის მოცულობის მასშტაბური ზრდის ტენდენცია (100%-ზე მეტით) შეინიშნება, თუმცა, ფონდიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებაზე არ ვრცელდება ასიგნებების გადანაწილებასთან დაკავშირებული ლიმიტები და არც შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
„საბიუჯეტო პროცესის მართვის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ხარვეზია ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხორციელების გარეშე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გავლით, მხარჯავ დაწესებულებებს შორის ასიგნებების გადანაწილება (საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების 2%-იანი ლიმიტის ფარგლებში);
კრედიტის სახით გამოყოფილი სახსრების დაგვიანებით ათვისება ზრდის სესხის მომსახურების ხარჯებს, რადგან კონტრაქტების ნაწილი ითვალისწინებს მსესხებლისათვის ვალდებულების გადასახადის დაკისრებას სესხის აუთვისებელ ნაწილზე. 2017 წლის 8 თვის მდგომარეობით, გადახდილ იქნა 2.7 მლნ ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი (commitment fee);
საკრედიტო რესურსით, განსაკუთრებით კი მსგავსი ტიპის სესხებით, მიღებული თანხების მაქსიმალურად ეფექტიანად (მინიმალური ხარჯების გაწევით) გამოყენებისა და სესხზე არამიზნობრივი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, პროექტის განმახორციელებლებმა დროულად უზრუნველყონ პროექტების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარებით, ხელი შეუწყონ მოზიდული რესურსების დროულ და ეფექტიან გამოყენებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მოხსენებაში.