40-მდე საკაბელო ოპერატორი  6 ქართულ არხს საპროტესტოდ გათიშავს

40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი 6 ქართულ არხს დღეს საპროტესტოდ გათიშავს. ამის შესახებ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ეხება ტელეარხებს: "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "ჯიდიესი", "მარაო" და "კომედი არხი".

როგორც თეონა ბერუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული არხები დღეს 12:00 საათიდან საპროტესტოდ გაითიშება.

თეონა ბერუაშვილის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი არის მითითებული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში თანხის მოთხოვნა, რომელსაც კომპანია "მედია რაითს ჯორჯია" ითხოვდა. თეონა ბერუაშვილის თქმით, "მედია რაითს ჯორჯიასთან" მოლაპარაკებები რამდენჯერმე გაიმართა, მათ შორის, იყო წერილობითი კომუნიკაციაც, თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა.

პრესკონფერენციაზე ვერ აკონკრეტებენ, თუ როდამდე გასტანს აღნიშნული არხების საპროტესტოდ გათიშვა და აცხადებენ, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა „შესაძლოა ამან დიდხანს არ გასტანოს, რადგან არჩევნებია და საკაბელო ოპერატორები ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ“.

"თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველ დეკემბერს ეს არხები ისედაც გაითიშებოდა, რადგან ასეთი იყო "მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნა, თუ თანხას არ გადავიხდიდით", - განაცხადა ბერუაშვილმა.

რაც შეეხება "მაგთიკომს" და "სილქნეტს", როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ისინი არხებს საპროტესტოდ არ გათიშავენ, "მაგთიკომმა" "მედია რაითს ჯორჯიასთან" ხელშეკრულება გააფორმა. მათივე ინფორმაციით, "სილქნეტი" მხარს უჭერს საკაბელო ოპერატორების განცხადებებს, თუმცა არხებს საპროტესტოდ არ თიშავს.

კითხვაზე, არხების გათიშვით, ხომ არ დაკარგავს აბონენტებს კონკრეტული საკაბელო ოპერატორი, თეონა ბერუაშვილის თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებლები გაძვირების წინააღმდეგი არიან.

"მომსახურების გაძვირებით უფრო მეტ აბონენტს დაკარგავენ საკაბელო ოპერატორები, ვიდრე საპროტესტო გათიშვით", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა. მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების - „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.

წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. "მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.