მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, მართალია, ამ კატეგორიის ავტომობილები რაოდენობრივად ძალიან ცოტა ჩამოდის, მაგრამ ეს ბიზნესი სრულად მაინც არ განადგურებულა, რისი მოლოდინიც იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ახალი ტარიფით 1 319 მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალება განბაჟდა.
ცხადია, ეს ციფრი ახლოს ვერ მივა შარშანდელ და შარშანწინდელ მონაცემთან, როდესაც 1 თვეში ქვეყანაში 3500-მდე მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტი ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იაპონური მანქანების შემოყვანა მაინც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებსა და იმპორტიორებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ტრანსპორტისა და გზების ასციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ჩამოჰყავთ დაბალ ფასად შეძენილი მარჯვენასაჭიანი მანქანები, რომელთა განბაჟება იმპორტიორებს მაღალ ტარიფის პირობებშიც კი უღირთ, რასაც სავტომობილო ბიზნესში არ ეთანხმებიან. ისინი ფიქრობენ, რომ შეზღუდვის მიუხედვად, ინტერესი მაინც არის, თუმცა ამ ბიზნესს უკვე არანაირი პერსპექტივა არ აქვს საქართველოში.
დავით მესხიშვილის განცხადებით, უმჯობესია, თუკი სახელმწიფო ელექტრომობილების ბიზნესს წაახალისებს. მართალია, ამ მიმართულებით ძვრა შეინიშნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.
"მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის კლება ძალიან საგრძნობია, წინა წლებში ათიათასობით შემოდიოდა, ხოლო 2016 წლის ბოლოს მან მარცხენასაჭიანი მანქანების იმპორტიც უკან ჩამოიტოვა. ახლა ასეთი მანქანის მიმართ ინტერესი თითქმის აღარ არის. განულების მოლოდინი არ გვქონია, მაგრამ ფაქტია, რომ იმპორტი მკვეთრად შემცირდა.
თუკი მაინც შემოდის მარჯვენასაჭიანები, ეს მხოლოდ ფასის გამოა. იაპონიაში იმდენად იაფადაა შეძენილი, რომ აქ ძვირად განბაჟება უღირთ. რამდენადაც ვიცი, იმპორტიორებს ასეთი მანქანის ყიდვა 100 დოლარადაც კი შეუძლიათ. ეს არის განმაპირობებელი ფაქტორი. გარდა ამისა, არიან იმპორტიორები, რომლებიც ამ მანქანებს ჯერ კიდევ ყიდულობენ. შეიძლება მათ შორის იყოს სპორტული მანქანაც, ვერ გეტყვით, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ. მიზეზი რამდენიმეა, ამიტომ მაინც შემოდის გარკვეული რაოდენობა, რაც ვერასდროს აიკრძალება.
სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჰიბრიდებზე დიდი მოთხოვნაა. ამასთან, კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა ელექტრომობლების პოპულარიზაციის მხრივ გაძლიერდება. სახელმწიფო ტენდერების შემთხვევაში, თუკი არჩევანს ელექტრომობილებზე შეაჩერებენ, მთლად უკეთესი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდება. ჩემი აზრით, წახალისება არ არის საკმარის დონეზე. სახელმწიფოს გაცილებით მეტი შეუძლია ელექტრომობილების ბაზრის პოპულარიზაციისთვის", - აცხადებს დავით მესხიშვილი.
იმპორტიორების ნაწილი საკანონმდებლო ხარვეზზეც საუბრობს და ამბობს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით არის უზუსტობა, რითაც დღეს ბევრი სარგებლობს. როგორც კომპანია "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე განმარტავს, ეს ეხება 6 წელზე მეტი ხნოვანების ჰიბრიდულ მანქანებს, რომელთა ფასი ახალი ტარიფით 6-ჯერ არის შემცირებული.
"ვიღაცამ იპოვა გამოსავალი, ჩამოჰყავთ 6 წელზე მეტი ხნოვანების ჰიბრიდული მანქანები და განბაჟებისას გარკვეული შეღავათი აქვთ. როგორც ცნობილია, ელექტრომობილებზე საერთოდ არ არის განბაჟების ტარიფი. შესაბამისად, მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილები ჩამოიყვანეს, რომელთა წილი გაყიდულ მანქანებში 80%-ია. მიმაჩნია, რომ რეგულაციები არასწორად შემოიღეს. მაგალითად, მანქანა, როგორიცაა "სტოპ ჰიბრიდი", არ მუშაობს ელექტროძრავაზე. სინამდვილეში არ არის ჰიბრიდი, მაგრამ ჰიბრიდულად ითვლება (სახელწოდებიდან გამომდინარე) და განბაჟების დროს ფასს ამცირებენ.
ვერ გეტყვით, რა ფასად ყიდულობენ, მაგრამ ფაქტია, რომ იაფიც არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, 100 დოლარად ასეთ მანქანას იაპონიაში არავინ გაყიდის. მათი უმეტესობა 2010-2011 წლების მანქანებია, ჩვენთან სადღაც 3500 დოლარის ფარგლებში შემოჰყავთ და შემდეგ გარკვეული ფასნამატით ყიდიან. სხვა ქვეყნებში 2-ჯერ ძვირიც კი ღირს", - აცხადებს ჯამაგიძე.
იმპორტიორები ამბობენ იმასაც, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანის სურვილი დაკარგეს და სრულიად სხვა სეგმენტზე გადაერთვნენ. კომპანია "იამოტოს" დამფუძნებელი პაატა მაისურაძე ფიქრობს, რომ ასეთი ავტომობილების იმპორტი კიდევ უფრო შემცირდება, რადგან მათი კონკურენტუნარიანობა განეიტრალებულია.
"საქართველოში წლიურად 40 ათასი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი შემოდიოდა, რის ფონზეც 1300 ძალიან ცოტაა. ფაქტია, რომ იმპორტი შემცირდა და ეს მოსლადნელი იყო. მიუხედავად ამისა, მომხმარებელი მაინც ყიდულობს, ინტერესი რაღაც დონეზე არის, მაგრამ ამით ეს ბიზნესი ვერ გაცოცხლდება.
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი არაკონკურენტუნარიანია ბაზარზე ფასიდან გამომდინარეც. განბაჟების ტარიფი იმდენად მაღალია, რომ კონკურენციის უნარი ამ მანქანებს დაკარგული აქვთ. ავტომობილი, რომელსაც პირობითად 500 დოლარად ვყიდულობდით, ხელსაყრელ ფასად ვერ ჩამოვიყვანეთ, რადგან განბაჟების პირობა შეიცვალა.
უკეთესობის არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ბაზარი ამ ბიზნესს მაინც თავისებურად დაარეგულირებს. რამდენადაც ვიცი, რეგულაცია კიდევ გამკაცრდება საჭის გადატანასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს მომხმარებლების უფლების შეზღუდვა იქნება. ამერიკიდან ნაავარიები, შუაზე გადაჭრილი მანქანის ჩამოყვანა და გაკეთება ბევრად უფრო საშიშია. ამაზეც უნდა დაფიქრდნენ, რადგან მარტო ერთი მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს", - ამბობს მაისურაძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"