გარემოვაჭრეების ბედი თბილისის ახალი მერის ხელშია

წლებია უკვე, გარევაჭრობა საქართველოს დიდი თუ პატარა ქალაქების განუყოფელ ნაწილად იქცა.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აღარავის აკვირვებს ხალხი, რომელიც ქუჩაში ყიდის ათასგვარ ნივთს, სასუსნავს და მალფუჭებად პროდუქტებსაც კი.

მართალია, პროდუქციის ასეთი სახით რეალიზაცია ყოველგვარ ნორმებს სცდება, მაგრამ გარემოვაჭრეებს მუშტარი მაინც ჰყავთ და არც თუ მცირერიცხოვანი. არც ამ ადამიანებს დაუწყიათ ქუჩაში ვაჭრობა კარგი ცხოვრების გამო. მათი ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს: ერთ დროს კარგად ცხოვრობდნენ, სამსახურიც ჰქონდათ, მერე ქვეყანა აირია, უმუშევრები დარჩნენ და მათი ოჯახის საარსებო წყაროდ გარევაჭრობა იქცა...

თბილისში გარევაჭრობას თვითმმართველობის შესახებ კანონი კრძალავს, კანონდამრღვევებს კი საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ამიტომ, დღემდე ხშირად ნახავთ თბილისის ქუჩებში სამართალდამცავებისგან ”აწიოკებულ” გარემოვაჭრეებს. მაგრამ, როგორც კი საპატრულო პოლიცია ტოვებს იქაურობას, ისინი ჯიუტად უბრუნდებოდნენ თავიანთ ”სამუშაო ადგილებს”, რადგან ბევრისთვის ეს ერთადერთი საარსებო წყაროა.

ადგილობრივ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებიღა რჩება. საინტერესოა, როგორი იქნება თბილისის ახალი მერის პოლიტიკა გარევაჭრობის მიმართ. მერობის კანდიდატებს ამ საკითხზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ და შესაბამისად, გარემოვაჭრეების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ გვითხრა, ეს მუნიციპალური პრობლემაა, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ქალაქის მერიამ უნდა გადაწყვიტოს:

-გარევაჭრობის პრობლემა ჩვენში დღემდე პრობლემად რჩება. ეს ადამიანები თვითდასაქმებულები არიან. რომ ადგე და ჩვეული საქმიანობა ერთი ხელის მოსმით აუკრძალო, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება სახელმწიფოს ვალდებულებაა: რაღაც ფორმა უნდა შემუშავდეს იმისათვის, რომ ეს ხალხი ქუჩებში არ იყოს გამოფენილი. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, გარევაჭრობა სასურველი არ არის ეკოლოგიური თვალსაზრისით და ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. მაგალითად: მალფუჭებადი პროდუქტების ქუჩაში გაყიდვა ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებითაც თბილისის ახალი მერი იქნება დაკავებული. მე თვითონ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, სადაც ეს პრობელმა საკმაოდ მწვავედ დგას, განსაკუთრებით, ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც გარემოვაჭრეების გაყვანის საშიშროება დგებოდა, ისინი დახმარებისათვის მე მომმართავდნენ. ცალკე ის ხალხი ჩიოდა, ვინც შიგნით, ბაზარში ვაჭრობს: ხალხი გარეთ უფრო იაფად ყიდულობს ყველაფერს, რაც კომერციული თვალსაზრისით ძალიან გვაზარალებსო... ერთი სიტყვით, გამოუვალი მდგომარეობა იქმნებოდა. ქალაქის ქუჩებში დღესაც იგივე ვითარებაა: გარემოვაჭრეები ისევ დგანან თავიხ ადგილებზე და ვაჭრობენ. ჯერჯერობით ძნელია თქმა, როგორ მოგვარდება ეს საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ გარევაჭრობის ბედი საკანონმდებლო დონეზე ვერ გადაწყდება, ეს პრობლემა მერიამ და ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა მოაგვარონ.

როგორ არის მოგვარებული გარევაჭრობის საკითხი უცხოეთში და როგორ შეიძლება მოგვარდეს ჩვენთან? -ამ კითხვაზე ეკონომიკის ექსპერტთა მოსაზრებები თითქმის ერთმანეთს ემთხვევა:

სოსო არჩვაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- გარევაჭრობა საბაზრო ეკონომიკისა და გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი ატრიბუტია. ამიტომ, მას ვერც საქართველოს ასცდა და ვერც სხვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. მე ზუსტად იგივე სიტუაცია მინახავს პოსტსოციალისტურ ქვეყნებში: კერძოდ, უნგრეთსა და პოლონეთში, თუმცა იქ გარევაჭრობას მეტნაკლები ორგანიზებულობის ნიშნებიც ახლავს და ისეთი სტიქიური არ არის, როგორიც ჩვენთანაა. როგორც წესი, ქუჩაში ძირითადად ვაჭრობენ ის ადამიანები, რომლებმაც სტაბილური სამუშაო დაკარგეს. ამიტომ, მათი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 3,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 1980-იანი წლების ბოლოს იყო. ამიტომ, გარემოვაჭრეების სიმრავლეც არ უნდა გვიკვირდეს. მართალია, უმუშევართა ნაწილი საზღვარგარეთ გავიდა შრომითი მიგრანტის სახით, მაგრამ ბევრი მათგანი საქართველოში დარჩა და ამ გზით სცადა ოჯახისა და საკუთარი თავის გადარჩენა. როგორ შეიძლება გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება? -სასურველია მათთვის ფართების გამოყოფა, ახალი სავაჭრო ადგილებისა და კოოპერატივების შექმნა... ბევრი გზა არსებობს საიმისოდ, რომ ორგანიზებულობის ელემენტის შევიტანოთ ამ სტიქიურ პროცესში. სხვათა შორის, მოწინავე ქვეყნებში გარევაჭრობები ძალიან კარგი წახალისების საშუალებაა, ხალხს იქ გასაყიდად გამოაქვს საკუთარი ნაკეთობები, სუვენირები, რითაც დამატებით შემოსავალს იღებს. რასაკვირველია, გარევაჭრობა უცხოელებისათვის არ არის საარსებო წყარო, როგორც ჩვენთან, მაგრამ მათი გამოცდილების გაზიარება ნამდვილად არ გვაწყენს.

ლევან კალანდაძე - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

-უცხოეთში გამოყოფილია შესაბამისი ადგილები და გარევაჭრობა ნებადართულია გარკვეული დროის განმავლობაში მაგალითად, შაბათ-კვირას, სპეციალურ ადგილებზე. ამ თვალსაზრისით შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა დაწესებულია შეზღუდვა ამა თუ იმ პროდუქტზე, ამა თუ იმ სასაქონლო ჯგუფზე. მაგალითად, კვების პროდუქტებზე, რომლებიც მალე ფუჭდება: არ შეიძლება ქუჩაში გაიყიდოს თევზეული, საქონლის, ან ფრინველის ხორცი, ამგვარი პროდუქციით ვაჭრობა მოწინავე ქვეყნებში ნებადართული არ არის. სამაგიეროდ, ნებადართულია სუვენირებით, სხვადასხვა ნაკეთობებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა. ანუ, გარკვეული სტანდარტი აქვთ დაწესებული და პროდუქციის რეალიზაცია შეუძლიათ სპეციალურ ადგილებზე, ნებადართულ დროს. საქართველოში გარევაჭრობა სოციალური პრობლემაა, ხოლო უცხოეთში -ეკონომიკის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში გარემოვაჭრეებს არა აქვთ სამუშაო და გამოსავალი ნახეს იმაში, რომ ქუჩაში ვაჭრობა დაიწყეს. იმის გამო, რომ ქართველი მომხმარებელი ფასზეა ორიენტირებული და არა - ხარისხზე, საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქციის გაყიდვაც შეიძლება, თუ მისი ფასი დაბალია. ამ კომპონენტების გათვალისწინებით, მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის გარევაჭრობას გარკვეული მოგება მოაქვს. მათთვის ეს არის წყარო, რომ მინიმალური შემოსავალი მაინც ჰქონდეთ. მიზერული თანხით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში რჩებათ, ისინი ოჯახსაც არჩენენ და ელემენტარულ მოთხოვნებს იკმაყოფილებენ.

არსებობს მარტივი გამოსავალი: ან უნდა აკრძალო გარევაჭრობა და ეს ხალხი ქუჩიდან აყარო, ან რაღაც ფორმა უნდა გამოძებნო. ჯერჯერობით ხელისუფლებამ ვერც ერთი გააკეთა და ვერც-მეორე. ფორმალურად გარევაჭრობა ნებადართული არ არის, მაგრამ მაინც არსებობს იმიტომ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ვერავინ ახერხებს. შეუძლებელია, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები არ შეიქმნას და გარემოვაჭრეებს მოსთხოვო, ქუჩაში არ გამოვიდნენ, რადგან ეს ადამიანები დაიხოცებიან შიმშილით. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარევაჭრობა ადმინისტრაციულ-დრაკონული მეთოდებით აღმოვფხვრათ, არამედ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ქართული ბიზნესი. ბიზნესის განვითარება თავისთავად ”შეისრუტავს” გარევაჭრობის კომპონენტს და მისი მასშტაბებიც თავისთავად შემცირდება. თუ ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდება, მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა ძალიან გაგვიჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე