თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შევადარებთ საპარლამენტო არჩევნებთან, შემოწირულობები შემცირებულია, თუმცა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით შემოწირულობათა რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აუდიტის სამსახური ამ დრომდე აწარმოებს სისტემატურ შემოწმებას შემოწირულობების საკითხთან დაკავშირებით.
აზნაურაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოიკითხა 14 ფიზიკური პირი, ჯამში კი 31 პირის გამოკითხვაა დაგეგმილი.
ზურაბ აზნაურაშვილი აღნიშნავს, რომ პროცესის მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომელიც ცალკეული კანდიდატების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობას ეხება, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი დოკუმენტაცია სასამართლოშია გადაგზავნილი.
“პროცესი გრძელდება, მიმდინარეობს სისტემატური შემოწმება პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულობების საკითხთან დაკავშირებით. ამ დროისთვის გამოკითხულია 14 ფიზიკური პირი, ჯამში კი 31 პირის მიმართ გაჩნდა კითხვები. გამოკითხულ პირთა უმეტესობამ გააბათილა მათ მიმართ არსებული კითხვები. ჩვენ მათ ვთხოვეთ წარმოედგინათ დამატებითი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და მათ ეს შეძლეს. დაბარებულ პირთაგან არის როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ევროპული საქართველოს” შემომწირველები. არის უმნიშვნელო დარღვევები, რომელზეც სასამართლოში გადავაგზავნეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ძირითადად ეს დარღვევები შეეხება ინფორმაციის წარმოუდგენლობას და ძირითადად ფიქსირდება დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ინფორმაციის არასათანადო დეკლარირება”, - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.
აზნაურაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, რიგი პოლიტიკური პარტიები მალავდნენ თავიანთ შემოსავლებს. აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, პოლიტიკაში მართლაც არსებობდეს შავი ფული.
მისივე თქმით, უწყება მისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც აქტიურად მუშაობს.
“შესაძლებელია პოლიტიკაში არსებობდეს შავი ფული. ვმუშაობთ ამის აღმოჩენაზე, მაგრამ იმის დიდი რესურსი არ გვაქვს, რომ ადგილზე შავი ფული აღმოვაჩინოთ. გვაქვს გარკვეული საკითხები, მცდელობები ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე არის სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც ვსწავლობთ და რომელზეც შესაძლებელია იყოს არადეკლარირებული ხარჯი გაწეული”, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.