საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია

2014 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქ ავტომობილებს უკავია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილებზე აღნიშნულ მაჩვენებელში 152 მილიონი აშშ დოლარი მოდის, რითაც მთელი ექსპორტის 22 პროცენტს შეადგენს.

"ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 70 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 51 მილიონი აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა", - აცხადებენ საქსტატში.

საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები უკავია ასევე ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, აზოტოვან სასუქებს, მინერალურ წყლებს, სპირტიან სასმელებს, რკინიგზის ლოკომოტივს, თხილსა და კაკალს და ა.შ.

რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, 2014 წლის იანვარ-მარტში აღნიშნულს ნავთობი და ნავთობპროდუქები წარმოადგენდა, რომლის იმპორტმა 190 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 150 მილიონი აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 128 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).