აუდიტის სამსახური მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით, თბილისში, 29 სეტემბერს გამართულ საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.
როგორც ჟურნალისტებს აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღო გამოთხოვილი ინფორმაცია, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა მატჩის სპონსორებთან დაკავშირებით.
“ჩვენ სისტემატურად ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და განვიხილავთ მათ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს. საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. მრავალი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციიდან, ამ ეტაპზე ვახორციელებთ დამატებით კვლევას სპონსორებთან დაკავშირებით, რათა გადაწყდეს, იყო თუ არა კავშირში აღნიშნული ღონისძიება საარჩევნო მიზნებთან”, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
29 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა საქველმოქმედო მატჩში მიიღეს მონაწილეობა, საიდან შემოსული თანხა ბორჯომ-ხარაგაულის დამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.