"პალიტრა მედიის" ორგანიზებით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი, სახელად "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში მოეწყო, ციფრული მარკეტინგის ახალ შესაძლებლობებზე, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროგრამა Ad Ocean-ზე ისაუბრეს. პროგრამა ქართულ ბაზარზე "პალიტრა მედიას" შემოაქვს და ამიერიდან ონლაინ რეკლამა უფრო მარტივი, მოსახერხებელი და ეფექტური გახდება.
ზოგადად, ციფრული მარკეტინგი მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლების მოზიდვასა და შეთავაზებების გაყიდვას. მას ტრადიციულთან შედარებით რამდენიმე ცალსახა უპირატესობა აქვს. ის გაცილებით უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი. ციფრული მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფოკუსირება ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა. ადვილია შედეგების დათვლა და ანალიზის გაკეთებაც. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა.
ციფრული მარკეტინგის წარმოების ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა Ad Ocean, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ის არის რეკლამის განთავსების მოწინავე ინსტრუმენტი ვებსივრცეში. სწორედ ამ პროგრამას ნერგავს ქართულ სარეკლამო ბაზარზე "პალიტრა მედია".
სარეკლამო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციის Gemius გაყიდვების დირექტორმა მიშელ ვლოდარციკიმ პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ Ad Ocean მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ვლოდარციკიმ პროგრამის საქართველოში დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრა და "პალიტრა მედიასთან" თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველ აუდიტორიას პროგრამა Ad Ocean წარვუდგინე. ის გამომცემლებს ვებრეკლამის ეფექტურობის ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული მოსაწყენი ბანერები. Ad Ocean-ის საშუალებით რეკლამა უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან "პალიტრა მედიასთან" ვიწყებთ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული იქნება", - განაცხადა მიშელ ვლოდარციკიმ.
ვორკშოპზე ასევე პრეზენტაციები გამართეს სარეკლამო სფეროს წარმატებულმა მენეჯერებმა, მათ შორის, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთი კალანდაძემ, პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელმა ლევან ტაბატაძემ და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინო ტურაშვილმა.
Q banners-ის შეთავაზება არის სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა თვითონ მართონ სარეკლამო ბანერები, იყვნენ უფრო მოქნილები, უფრო წარმატებულები და დაგეგმონ საკუთარი სარეკლამო კამპანიები უფრო სწრაფად. ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა," - აღნიშნა პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელმა ლევან ტაბატაძემ.
ვორკშოპს 100-მდე ბიზნეს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც "ქებული კლიმატის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ზიზი ცხადაძემ განაცხადა, შეთავაზება მისთვის საინტერესო იყო და მისი საქართველოში დანერგვა კომპანიებს ეფექტურად რეკლამირებაში დაეხმარება.
"პალიტრა მედიასთან" უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. ის ყველაზე სანდო და ერთგული კომპანიაა ჩვენთვის. ყოველთვის ველოდებით სიახლეებს და დღეს ძალიან მომეწონა ეს ინოვაციური შეთავაზება კონტენტ მარკეტინგთან დაკავშირებით, ნამდვილად გამოსაყენებელი და დასანერგია", - განაცხადა ზიზი ცხადაძემ.
"ძალიან საინტერესო არის Gemius-ის პლატფორმა Ad Ocean. სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი საინტერესო შეთავაზება აქვს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. სიახლე სტანდარტულ ბანერებთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია. ვთვლი, რომ ეს კომპანიებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ მათი რეკლამა, მათი ბანერები სხვებისგან გამოკვეთილად იხილონ," - თქვა "ხალიკ ბანკი საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერმა თემო ბაბუნაშვილმა.
Ad Ocean ქართველი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.