ნიდერლანდების სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გემერტში ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი 3D-ში ამობეჭდილი ხიდი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალში ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ხიდის შემქმნელებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ხიდი არ არის დიდი, თუმცა მისი უნიკალურობა მის შექმნაშია“, - განაცხადა ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თეო სალეტმა. მისივე თქმით, ხიდის შექმნას 3 თვე დასჭირდა.
8 მეტრი სიგრძის ხიდი წყლით სავსე არხზეა გადებული და ორ გზას აკავშირებს. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, მან უსაფრთხოების გამოცდა წარმატებით ჩააბარა - ხიდი 2 ტონამდე სიმძიმეს უძლებს და მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედებისთვის შეიქმნა, მასზე გავლას ავტომობილიც კი შეძლებს.
ნიდერლანდები ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, სადაც 3D პრინტინგს დიდი ყურადღება ეთმობა.
კოკა კვირკველია