ინფლაციურ პროცესებს საარსებო მინიმუმის ცვლილება მოჰყვა, მაგრამ მისი მაჩვენებელი რატომღაც უმნიშვნელოდ გაიზარდა.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საარსებო მინიმუმს მხოლოდ 4 ლარი "შეემატა", არადა 2017 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, "საქსტატის" მონაცემები სალაპარაკოდაც არ ღირს.
მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეებთან შედარებით საარსებო მინიმუმი გაიზარდა, იგი რეალობისგან ძალიან შორსაა. იმ ფონზე, როდესაც პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები გაძვირებულია, დღევანდელი მინიმუმი თითქმის იმავე მაჩვენებელზეა, რაც წლის დასაწყისში იყო.
2017 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 168.8 ლარია, წლის დასაწყისში კი 166.3 ლარი იყო. რაც შეეხება საშუალო ოჯახის მინიმუმს, ის წლის დასაწყისიდან მხოლოდ და მხოლოდ 7.30 ლარით გაიზარდა და ახლა 283.2 ლარს შეადგენს.
2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაზრდილია 8.70 ლარით, ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 15.30 ლარით. არადა, სწორედ ამ ერთწლიან პერიოდში მკვეთრად გაძვირდა სურსათი, პირველადი მოხმარების საქონელი და სხვადასხვა მომსახურება.
"საქსტატის" მონაცემებით, ივლისში საარსებო მინიმუმმა 167,2 ლარი შეადგინა, აგვისტოშიც მაჩვენებელი თითქმის ანალოგიური იყო და 167,4 ლარით განისაზღვრა. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 149,5 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანისა და მეტის კი - 397,8 ლარით.
როგორც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის, ასევე ოჯახის საარსებო მინიმუმს სპეციალისტები არასაკმარისად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ფასების ზრდის ფონზე ეს მაჩვენებელიც ვითარების ადეკვატურად უნდა გაიზარდოს. აკადემიკოს პატა კოღუაშვილის აზრით, ის მეოთოდი, რომლითაც დღეს საარსებო მინიმუმს ითვლიან, არასწორია და აუცილებელია მისი სხვა ფორმატის გადაანგარიშება. საჭიროა, საარსებო მინიმუმი 360 ლარამდე გაიზარდოს, რადგან ადამიანმა სრულფასოვნად არსებობა შეძლოს.
"საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა, რომელიც 2003 წელს შემუშავდა, არის თავიდან ბოლომდე მახინჯი. მისი ფორმულა ასეთია: სასურსათო ხარჯები - 70%, არასასურსათო ხარჯები - 30%. ასეთ მიდგომას ევროკავშირი და განვითარებული მსოფლიო არ იცნობს. როგორც წესი, სასურსათო ხარჯი თანამედროვე ქვეყნებში მაქსიმუმ 30%-ია, ხოლო არასასურსათო - 70%. ადამიანს ბევრი რამ სჭირდება ნორმალური განვითარებისთვის, რისი საშუალებაც მას დღეს არ ეძლევა.
რა მეთოდიკაც ჩვენ გვქონდა 2003 წლამდე, ეს არ იყო ნორმალური და ევროკავშირის რეკომენდაციით დაიწყო საარსებო მინიმუმის ხელახლა დათვლა. შემდეგ მსოფლიო განვითარდა, მიდგომა შეიცვალა, ჩვენთან კი 15 წლის წინანდელი მეთოდიკა დარჩა და აღარ შეცვლილა.
პროფესორმა შოთა ჩხეიძემ ზუსტად შეუსაბამა სიტუაციას, როდესაც თქვა, რომ ეს არის საკუთარი მოსახლეობის სასურსათო გენოციდი. არსებული მეთოდით დაანგარიშების შემდეგ, მინიმალური საარსებო კალათის ღირებულება არის 240 ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმ აგფლაციას (აგრარულ პროდუქტებზე ფასების ზრდა), რომელიც ქვეყანაშია, კიდევ სხვა სურათს მივიღებთ.
დღეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არასრულფასოვნად იკვებება. სახელმწიფოს თუ უნდა სწორ გზაზე დადგომა, გაათანაბროს სასურსათო და სამომხმარებლო ხარჯი. ამ შემთხვევაში 360 უნდა იყოს მინიმუმი. დაახლოებით ამ ჭრილში აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს დაანგარიშებული თავიანთი მონაცემები. ჩვენი სახელმწიფო მომავალსა და საკუთარ ხალხზე არ ფიქრობს, შესაბამისად, არ ინტერესდება მათი მდგომარეობით და არც ცვლის არაფერს უკეთესობისკენ", - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც არსებული საარსებო მინიმუმის შეცვლას აუცილებლად მიიჩნევს. თუ გვინდა, რეალურ მაჩვენებელს მივაღწიოთ, მეთოდიკაში ცვლილებები საჭიროა და, ახალი პრინციპით ათვლის შემდეგ, გაცილებით მაღალ მაჩვენებელზე ავალთ.
"როდესაც ასეთ ინფლაციას აქვს ადგილი, საარსებო მინიმუმი ავტომატურად იზრდება, რადგან იქ შედის პირველადი მოხმარების საგნები, რომლებზეც ფასები უფრო იწევს, ვიდრე არაპირველადი დანიშნულების საგნებზე. მაგალითად, როდესაც მობილური, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა იაფდება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პირველად მოხმარებას, მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე ეს არანაირ გავლენას არ ახდენს. სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება-გაიაფების ტენდენცია კი უმალვე აისახება მასზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ დინამიკაშია ხორცი, შაქარი, პურპროდუქტები, საწვავი და ა. შ.
ხორცის მაგალითზე შემიძლია ვთქვა: როდესაც იგი ძვირდება, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის გაცილებით სწრაფ ზრდას იწვევს, ვიდრე იზრდება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი. თუ გვინდა, რეალური სურათი მივიღოთ, მეთოდიკაში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიტანოთ. ახალი სისტემით გადათვლის შემდეგ, ჩვენ გაცილებით მაღალ მაჩვენებელზე ავალთ და რეალობას უფრო დავუახლოვდებით", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"