თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ოფიციალურად ჩაიკეტა. ამის შესახებ თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.
გამგებლის ინფორმაციით, გვიან გაზაფხულამდე ფშაველი - ომალოს დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარის გამო მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება თუშეთში დარჩენილ მუშებს და მოსახლეობას, მათი გადმოყვანა ვერტმფრენით მოხდება, რადგან უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო მოძრაობა შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.