თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ნაწილმა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, გამგეობებს არ აქვთ დეტალურად აღრიცხული ინფორმაცია, თუ რა საჭიროებიდან გამომდინარე გადაეცა ამა თუ იმ ფიზიკურ პირს, მაგალითად, ფინანსური დახმარება. აზნაურაშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, აუდიტის სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალ გამგეობებს დამატებითი დრო მისცა.
„სამწუხაროდ, გამგეობების ნაწილს არ აქვს დეტალური ინფორმაცია აღრიცხული. შესაბამისად, მათ მიეცათ დამატებითი ვადა, რათა ყველა ფიზიკურ პირზე, ვისზეც გაცემულია შესაბამისი დახმარება, მოგვაწოდონ ინფორმაცია“, - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მიმდინარე წლის 12 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ფინანსური საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით,16 თვის მონაცემებით, გამგეობები ბიუჯეტიდან თანხას აძლევენ გაურკვეველ პირებს, რომლებიც არ ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და არ საჭიროებენ რაიმე განსაკუთრებულ დახმარებას. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ გზით ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივის მობილიზებას ახდენს, შესაბამისად კი, დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი გაიფლანგა.