"ყაზბეგში კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას სახელმწიფო ძალადობის გზით ცდილობს"

სახელმწიფო ყაზბეგში ძალადობით და კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას, - ამის შესახებ განცხადება ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

პარტიის ყაზბეგის მერობის კანდიდატი ვიქტორ სუჯაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბესაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.

”ყაზბეგში მცხოვრებ ასობით ოჯახს აქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც საჯარო რეესტრი რეგისტრაციაში არ ატარებს. მესაკუთრეებს არ აღიარებს მხოლოდ იმიტომ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწერა წერილი საჯარო რეესტრის სააგენტოს და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მესაკუთრეებისთვის საკუთრების რეგისტრაცია იმ გზების მიმდებარედ, სადაც სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მესაკუთრეებისთვის კომპენსაციის გაცემას საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში. ეს ოჯახები არ არიან წინააღმდეგი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელების, თუმცა მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით კომპენსაცია. სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები და კომპენსაციის და საკუთრების გარეშე დატოვოს. ეს არის დანაშაული საჯარო რეესტრის, იუსტიციის სამინისტროს და დანაშაულებრივი დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ”, - განაცხადა  აბესაძემ.