თბილისის დინამოს“ მესვეურები და გულშემატკივრები კლუბის ბაზასთან არსებული ვითარების გამოსწორების მოლოდინში არიან.
საქმე „დინამოს“ ბაზასთან ახლოს დაწყებულ მშენებლობას ეხება.
კლუბის ხელმძღვანელებმა 16 სართულიანი კორპუსების მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს და მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც დაიწყეს. ამ დროისთვის სასამართლოს ძალით მშენებლობა დროებით შეჩერებულია, თუმცა კლუბს არ აქვს გარანტია, რომ ბაზისთვის აუცილებელ პირობებს საფრთხე კვლავ არ დაემუქრება.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ განუცხადა, კომპანია ყველაფერს აკეთებს, რათა მშენებლობა განახლდეს. მისივე თქმით, ფიფია კომპანიასთან მოლაპარაკებას ცდილობდა, რათა საქმე აქამდე არ მისულიყო და ბიზნესმენებს თანადაფინანსებით აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა პროექტის განხორციელებას სთავაზობდა, თუმცა ფიფიამ ყველა შეთავაზებაზე უარი მიიღო.
„სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, იმ პერიოდიდან იყო შეთავაზება რომან ფიფიას მხრიდან. მაშინ სამშენებლო კომპანიის სათავეში ჩეხური ფირმა იყო. თავდაპირველი პროექტით დამტკიცებული იყო 3 სართულიანი სავაჭრო ცენტრი, მერე გადაკვალიფიცირდა 16 სართულიან კორპუსებად. 3 სართულიანი სავაჭრო ცენტრი რომ აშენებულიყო, ის არანაირ ზიანს არ მიაყენებდა ბაზას, მაგრამ ამის მიუხედავად რომან ფიფიამ შესთავაზა სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება ერთობლივად, თუმცა უარი მივიღეთ. ამის შემდეგ იყო შეთავაზება, რომ გაკეთებულიყო საბავშვო აკვაპარკი, თუმცა ამაზეც უარი მიიღო. მერე უკვე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დაიწყეს 16-სართულიანი კორპუსის შენება, რომელიც ბაზის კედელთან ძალიან ახლოსაა. საფეხბურთო ბაზის ფუნქციონირებაში მთავარი არის მიკროკლიმატი, მისი იზოლირება და საერთო ატმოსფეროდან მოწყვეტა არ უნდა მოხდეს. დღევანდელი ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ლიკანის დასასვენებელ კომპლექსს გარშემო კორპუსები რომ შემოუდგა“, - განაცხადა სალუქვაძემ.
სამშენებლო კომპანიას ახლა ქართველი ბიზნესმენები ხელმძღვანელობენ, რომლებიც, როგორც სალუქვაძე ამბობს, „დინამოს“ ხელმძღვანელობასთან მხოლოდ მასმედიის საშუალებით კონტაქტობს. თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ამბობს, რომ კომპანიამ მორალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და არ გაანადგუროს ბაზა, სადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდები ვარჯიშობდნენ.
„საქართველოსთვის „დინამო თბილისი“ არა არის მხოლოდ საფეხბურთო გუნდი. როგორც სუხიშვილების ანსამბლი, როგორც ქართული ღვინო, „დინამო თბილისი“ არის საქართველოს ბრენდი, რომელმაც ქართველებს 1981 წელს არნახული სიხარული მოუტანა. ბაზა, ფაქტობრივად, ისტორიული ძეგლია, რადგან იქ ასეთი საფეხბურთო ბუმბერაზები დადიოდნენ. ამ ყველაფერს არაფრად აგდებენ და აგდებით საუბრობენ. გარდა ამისა, ხომ არის მორალური მხარეც - მე რომ სასაფლაოზე დისკოთეკის გახსნის უფლება მომცე, უნდა გავხსნა?! ამ ბაზაზე არა მარტო „დინამო“ ვარჯიშობს, არამედ სხვადასხვა უცხოური ნაკრებები ჩერდებიან თბილისში ყოფნისას. გარდა იმისა, რომ სიმყუდროვე უნდა იყოს ბაზაზე, ბოლო ორი-სამი ვარჯიში ეთმობა იმ ტაქტიკურ მონახაზებს, რომელსაც მწვრთვნელი მეტოქეს უმზადებს და ამ დროს იქ არათუ უცხო თვალი, ბაზის თანამშრომელსაც ეკრძალება ყოფნა თუ აუცილებელი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, სამი 16 სართულიანი კორპუსიდან რამდენი ვიდეოკამერა შეიძლება იყოს და გადაიღოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ლევან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, თბილისის „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ მშენებლობას ვეტერანი ფეხბურთელებიც აპროტესტებენ, რომლებმაც კარიერა ამ კლუბში დაიწყეს და აღნიშნულ ბაზაზე არაერთი წელი გაატარეს. სალუქვაძე იმედოვნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დედაქალაქის ხელმძღვანელობაში ისეთი ადამიანი მოვა, რომელიც ამ პრობლემას სერიოზულად მიუდგება და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს.