ნედლი რძე, ფრინველის გაყინული ხორცი - ზაფხულში გამოვლენილი 10 მავნე პროდუქტი საქართველოში

2017 წლის ზაფხულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა. ამის შესახებ, ინფორმაციას, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის ივნის-აგვისტოში სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ გამოითხოვეს ინფორმაცია. 18 სექტემბერს სეს-ის ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ზაფხულში სეს-მა 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა.

ესენია: ფრინველის გაყინული ხორცი (იმპორტიორი შპს „დიმკა“), ნედლი რძე (მწარმოებელი შპს “ჯორჯიან ბიზნეს ზონ“), ნედლი რძე (მწარმოებელი შპს „გიორგი შანიძის ფერმა“), მხოლოდ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი (შპს ,,ათინათი“), პესტიციდი უნივერსალი (სარეალიზაციო ობიექტი - შპს „ახალი ფერმერი XXI“), პესტიციდი-ბინგო (სარეალიზაციო ობიექტი, შპს „კარტლის აგროსისტემები“), ვეტერინარული პრეპარატი „შხამას ნაყენი“ და ვეტერინარული პრეპარატი „ალბენდაზოლ 600“.

„ყველა ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სეს-ის ინფორმაციით, მოხდა პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება და ბიზნესოპერატორის დაჯარიმება. ამავე დროს, თუ დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები, ვეტერინარული პრეპარატი, აგროქიმიკატი, ან პესტიციდი მავნეა ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის, მცენარეთა სიჯანსაღისათვის და გარემოსათვის, სესი ვალდებულია მოსახლეობის დროული ინფორმირება მოახდინოს. ეს ვალდებულება იმის გამო არსებობს, რომ შესაძლოა მავნე პროდუქტის პარტიის ნაწილი უკვე რეალიზებული იყოს, ან სხვა სავაჭრო ობიექტებიც ახდენდნენ მის რეალიზაციას.

19 სექტემბერს, სხვა საკითხებთან ერთად, მივმართეთ სეს-ს კითხვით მოახდინეს, თუ არა მათ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება, რაზეც, დიდი დაგვიანებით, 17 ოქტომბერს გაცემულ პასუხში მიგვითითეს მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული „თვის ანგარიშები“. თუმცა, ბოლო, 2017 წლის ივნისის ანგარიშში ზემოთ ჩამოთვლილი მავნე პროდუქტები კონკრეტულად არ არის მითითებული.

რაც შეეხება ჩვენი მოთხოვნის პასუხად გამოქვეყნებულ 2017 წლის ზაფხულის კონტროლის შედეგებს, მათი გამოქვეყნება, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევარში მოხდა, რაც დროულად ვერ ჩაითვლება და არც სეს-ის ინიციატივა ყოფილა. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ანგარიშებში მავნე პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას არა აქვს მოსახლეობისათვის გაფრთხილების ფორმა და რთულად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისათვის. სეს-ის ბოლო წლების საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად ჩვენ 2017 წლის 11 ივლისს გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც აღვნიშნავდით, რომ სეს არ ასრულებს კანონის მოთხოვნას ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ და არ ახორციელებს სათანადო ზომებს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება და აუცილებელ გამოსწორებას საჭიროებს,“- ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.