Menu Group UK Ltd-მა 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ თავად გაავრცელა. მათი ცნობით, თანხა კომპანიის რეგიონალური გაფართოებისათვის იქნება მიმართული.
Menu Group გეგმავს მოზიდული ფინანსები IT-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კლიენტებთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლებაზე, ასევე მარკეტინგული აქტიურობის გაძლიერებაზე გამოიყენოს. ამასთან, კომპანია აპირებს ოპერაციების გაფართოებას და მაღალშემოსავლიანი კაპიტალის შეთავაზებას ახალი ბაზრებისთვის.
კომპანიის მთავარ ინვესტორებს შორის არიან: ამერიკული ფონდი Perea Capital Partners, Hayastan 1 და SOLventures. ცნობისთვის, SOLventures-ის ერთ-ერთი მმართველი ლევონ ოგანესიანი - Delivery Club-ის დამფუძნებელია, რომელიც Mail.ru Group-მა 2016 წელს 100 მილიონ დოლარად შეიძინა.
„2012 წელს ჩვენმა გუნდმა შექმნა მზა საჭმლის მიტანის სერვისი სომხეთში - Menu.am. ეს შთაგონებული იყო რუსული პროექტით Delivery Club. დღეს ჩვენ ვაშენებთ გლობალურ კომპანიას. ეს ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას ავაჩქაროთ ჩვენი ზრდის ტემპი, გავიდეთ მართვისა და ცოდნის ახალ დონეებზე, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო მცოდნეები და სწრაფები, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება ვიზრუნოთ ჩვენს კლიენტებზე, პარტნიორ რესტორნებზე, თავგადადებულ კურიერებსა და ყველა სხვა თანამშრომელზე, ვინც ორიენტირებულია მაღალი დონის სერვისის შექმნაზე. მე ვამაყობ რომ ჩვენს გუნდს შეუერთდნენ განსაკუთრებული ინვესტორები, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს, რასაც კომპანიის დამფუძნებლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ ისტორია და მივუტანოთ ბედნიერება მილიონ ადამიანს,“- ამბობს Menu Group-ის დამფუძნებელი, ვაჰან კერობიანი.
ლევონ ოგანესიანის განცხადებით, „შედეგები, რომელსაც Menu Group-მა სომხეთის, საქართველოსა და ბელორუსიის ბაზრებზე მიაღწია აღმაფრთოვანებელია.
მისივე თქმით, მოზიდული ინვესტიციები კომპანიას დაეხმარება არამარტო გაამყაროს პოზიციები არსებულ ბაზრებზე, არამედ გააფართოვოს კომპანიის გეოგრაფია.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვეძლება ვითანამშრომლოთ Menu Group-თან ვაჰან კერობიანის ხელმძღვანელობით, რადგან კომპანია გადადის სრულიად ახალ დონეზე და აფართოვებს თავის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს არსებული კლიენტებისთვის და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის რეალობაში მოჰყავს თავის შესაძლებლობები“. - განაცხადა აიზეკ შვარცმა.
დღეის მდგომარეობით, Menu Group UK Ltd ლიდერია რესტორნებიდან საკვების მიტანის სფეროში სომხეთში, საქართველოსა და ბელორუსიაში. 5 წლიანი მოღვაწეობის შედეგად კომპანიის წლიური შეკვეთების რაოდენობა 1 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის კომპანიას შეკვეთების რაოდენობის მიხედვით ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის მეორე ადგილი უჭირავს. 2017 წლის მონაცემებით კომპანიის მოგება 3 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კომპანიამ კერძო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდი Granatus Ventures-ისგან 2 მილიონის ოდენობის კონვერტირებადი სესხი აიღო. 2017 წლის აგვისტოში კი კომპანიამ წარმატებით შეისყიდა საქართველოში თავისი უახლოესი კონკურენტი Food Panda Georgia, რომელიც ეკუთვნის გლობალური დონის მოთამაშეს Delivery Hero-ს. ამ შესყიდვამ კომპანიის პოზიციები ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო გაამყარა.