რიგ ადგილებში იმედი გვაქვს, რომ გვექნება ტყის საფარის ბუნებრივი განახლება, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობის თემაზე საუბრისას განაცხადა.
ნათია იორდანაშვილის ინფორმაციით, კომისია მუშაობას თვის ბოლოს დაასრულებს და სამოქმედო გეგმა, შესაბამისად რეკომენდაციები თვის ბოლოს იქნება ცნობილი. თუმცა, ამ ეტაპზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, სიტუაცია იმედისმომცემია.
”ბორჯომის ხეობაში ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს, საველე გასვლა ხვალაც გვაქვს დაგეგმილი. წინასწარი შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ მიღებულია, ხოლო თვის ბოლოს იქნება გეგმა და რეკომენდაციები, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ადგილზე. ჩვენ უფრო უარეს მდგომარეობას ველოდით, თუმცა საბედნიეროდ, ასე არ არის. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ბორჯომის ხეობაში რიგ ადგილებში იმედი გვაქვს, რომ გვექნება ბუნებრივი განახლება, რიგ ადგილებში კი, ისევ ხელოვნურად ჩავერევით”, - განაცხადა ნათია იორდანაშვილმა.
რაც შეეხება კახეთს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ იქ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ბორჯომში.
”კახეთში ტყის აღდგენისთვის გადაუდებელი სამუშაოები არ არის ჩასატარებელი. იქ ტყით დაფარული ტერიტორიაა და უნდა დავაკვირდეთ როგორი პროცესი წავა. უმჯობესია, რომ თვითონ მოხდეს აღდგენა ხელოვნურად ჩარევის გარეშე, თუმცა კახეთი მონიტორინგის ქვეშ დარჩება გაზაფხულამდე”, - განაცხადა ნათია იორდანაშვილმა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დასადგენად საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა. კომისია მუშაობას ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.