საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად ახორციელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებით გათვალისწინებულ რეფორმებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან სტანდარტიზაციას გულისხმობს. ჯანელიძის განცხადებით, გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, რის შედეგადაც, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სტაბილურად იზრდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სხვადასახვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის ბოლო შეფასებით, საქართველო დასახელდა ლიდერად იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც დასავლურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესში არიან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები და საქმიანობა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ორგანიზაცია ოპერირებს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ახალი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში, რაც აღნიშნა ასობით მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტების დაწყებით", - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ ჯანელიძის ვარაუდით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა გაძლიერდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, რასაც ასევე პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, საქართველომ გააძლიერა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესი და შეუერთდა არაერთ პროგრამას.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღბა გაამახვილა საქართველოს, როგორც ბიზნეს საქმიანობისა და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციებზე რეგიონში და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას.
"ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროპული კომპანიების წვდომაში სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე და პირიქით. ჩვენ დავაჩქარეთ საგზაო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამა, ვაშენებთ ახალ ღრმა წყლოვან საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ვასრულებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე და ამ კუთხით ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.