საქართველო ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება

საქართველოში მსოფლიოს ლიდერი კომპანიების შემოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება და საქართველოში ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ლიდერ ცემენტის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ”ლიდერ ცემენტის” პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც პრემიერმა განმარტა, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ ქართულმა კომპანიამ - "ლიდერ ცემენტმა" შეძლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გიგანტკომპანია "ლაფერჟთან", რომელსაც სამშენებლო მასალების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

”საქართველოში ცემენტის ინდუსტრიის განვითარება და ხარისხის ამაღლება საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში მშენებლობის ხარისხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქარხანაში ძირითადად ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება”, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა აქცენტი ამ ტიპის პროექტის განხორციელების პროცესში, გარემოს დაცვის ზრუნვაზეც გააკეთა და განმარტა, რომ ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია. პრემიერის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვის შესაბამის მექანიზმებს - ქარხანაში დაცული იქნება ყველა ეკოლოგიური სტანდარტი და გარემოს ზიანი არ მიადგება.