1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე , - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
ეკა გიგაურის განცხადებით, კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ პარტიათა შემოწირულობებში არსებული დისბალანსი თვალშისაცემია.
მისი თქმით, სამწუხარო ტენდენციაა, რომ საქართველოში არსებული კომპანიები ყოველთვის ლოიალური არიან მმართველი პარტიისადმი და თანხებს სწორედ მმართველ გუნდს სწირავენ.
კვლევის თანახმად, თანხის უდიდესი ნაწილი - 9 553 178 ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგ მოდის “ევროპული საქართველო” 609 969 ლარით, “ნაციონალურ მოძრაობას” 48 261 ლარი ერგო, “პატრიოტთა ალიანსს” - 28 187 ლარი, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილს - 20 241 ლარი, “ეროვნულმა ფორმუმმა” 19 164 ლარი მიიღო, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” - 14 991 ლარი ერგო, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” 12 204 ლარი შეხვდა, “ლეიბორისტულ პარტიას” - 910 ლარი, “საქართველოს მშვიდობისთვის” - 200 ლარი, ხოლო “რესპუბლიკურ პარტიას” - 121 ლარი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მკვლევარის ლევან ნატროშვილის განცხადებით, ანგარიშის მომზადებისას გამოიკვეთა, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველების ნაწილი მონაწილეობდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვებში.
“ყველაზე მსხვილი შემომწირველი 7 კომპანია იყო - თითოეულმა „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120 000 ლარი გაიღო. ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “LION”, „თეგეტა მოტორსი“, „დეტი“, „პარტნიორი“ და „მეეკი“. აღსანიშნავია, რომ პირველმა სამმა კომპანიამ 2016 წელს ზუსტად იმავე ოდენობის თანხები შესწირა „ქართულ ოცნებას“. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიას „ტრანსპროექტი“, რომელმაც საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო, 2011 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ აქვს 100 000 ლარი შეწირული.
”ქართული ოცნების” 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 2 145 022 ლარი - ამავე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1 021 793 ლარი გაიღეს. ამ მხრივ ყველაზე საინტერსოა „თეგეტა მოტორსის“ და „ცეკურის“ შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში „თეგეტა მოტორსმა“ როგორც იურიდიულმა პირმა მმართველ პარტიას 120 000, ხოლო ამ კომპანიის მეწილემ ზაურ ცხადაძემ დამატებით 60 000 ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში მხოლოდ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის წესით დაახლოებით 1 500 000 ლარის საერთო ღირებულების 1 539 კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება კომპანია „ცეკურს“, მან „ქართული ოცნებისთვის“ 40 000 ლარი გაიღო და ამავე დროს 400 000 ლარის ღირებულების ერთი პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო;
რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 643 შემომწირველიდან 289 ადამიანი 818 იურიდიულ პირთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. ამ 818 იურიდიული პირიდან 70 არის ისეთი, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო;
ამ 70 კომპანიიდან 49 „ქართული ოცნების” შემომწირველ 55 ფიზიკურ პირთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულმა 55-მა ადამიანმა საანგარიშო პერიოდში მმართველ პარტიას მთლიანობაში 1 661 470 ლარი შესწირა, მათმა კომპანიებმა კი დაახლოებით 2 400 000 ლარის ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს;
“ქართული ოცნების” 31-მა შემომწირველმა იურიდიულმა პირმა და 49 კომპანიამ, რომლებიც შემომწირველ ფიზიკურ პირებთან იყვენენ დაკავშირებული მთლიანობაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 3 705 523 ლარი გაიღო”, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.