”ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა”

ანაკლიასა და განმუხურში მოქმედი ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელებას ელოდებიან.

ანაკლიაში შესვლამდე პირველი, რაც თვალში გხვდება, ზუგიდიდი-ანაკლიის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ გზა ტახტივით არის. თუმცა, გზების მშენებლობა ყველაფერი არ არის. მთავარი, ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ახალი პროექტებია - საერთაშორისო პორტი ის ერთადერთი იმედია, რაზეც ადგილობრივები დიდ გეგმებს ამყარებენ.

გასულ წლებში, მასშტაბური საკურორტო ზონის გახსნის იმედით, ადგილობრივების უმრავლესობამ სხვადასხვა ბანკიდან სესხი აიღო და დამსვენებლების მოლოდინში სახლი გაარემონტა. განმუხურსა და ანაკლიაში სტუმრებს რომ ელოდებიან, ამას ჭიშკარზე გამოკრული აბრებიც ცხადყოფს - ”ქირავდება ბინა”...

თემური, 37 წლის, განუხმურის მკვიდრი:

- ბანკში აღებული ვალების გამო ძალიან ცუდ დღეში ვართ. რამდენიმე ადგილობრივმა ამის გამო თვითმკვლელობაც კი სცადა, რადგან 10 ათასი დოლარის მოცულობის სესხის გადახდა ვერ შეძლეს. შეგვპირდნენ, შეღავათები გექნებათო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია...

- თხილის პლანტაციები არ გაქვთ?

- გვქონდა, მაგრამ ცოტაღა დაგვრჩა. ”ლაზიკას” პროექტს შეეწირა პლანტაციების დიდი ნაწილი. ზოგს გადაუხადეს თანხა სავარგულებში, ზოგს - თეთრიც არ მისცეს. დავას რა აზრი ჰქონდა? ახლა რამდენიმემ დაიბრუნა... ძირითადად მათ, ვისაც ”პატრონი” ჰყავდა. მე და დანარჩენებს არ გვყავს ”კრიშა” და დავრჩით ასე, ვალების ამარა...

- განმუხურში რა ხდება? ვიცი, რომ იქ მუშაობთ...

-დიახ, განმუხურში ვმუშაობ. ინდოელების შეკვეთით, ორსართულიან სასტუმროებს ვაშენებთ. გვითხრეს, ზაფხულიდან 9 და 16-სართულიანებიც უნდა აშენდესო... ის ადგილი ინდოელებს აქვთ აღებული რამდენიმეწლიანი იჯარით. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა, თვეში 1000-1200 ლარამდე გამოგვდის. სამუშაო რომ არ მქონდეს, არ ვიცი, ბანკის ვალი როგორ უნდა გამესტუმრებინა. ლამის დღე და ღამე ვმუშაობთ...

სასტუმროების მშენებლობა ეკონომიკური აქტივობის ერთადერთი ნიშანწყალია მთელ განმუხურში. სამაგიეროდ ანაკლია ჰგავს განაშენიანებულ, მაგრამ უკაცრიელ ადგილს, აი ისეთს საშინელებათა ფილმებში რომ გვინახავს. არადა, მას შემდეგ, რაც ”ნაციონალებმა” ანაკლია და განმუხური ”გააფერადეს”, იქაურობას ახალდაქორწინებული წყვილები ხშირად სტუმრობდნენ.

სასტუმრო ”ანაკლიას” მენეჯერი ამბობს, რომ საქორწინო ცერემონიალს ახლაც ხშირად მასპინძლობენ. შვედური მაგიდის საფასური ერთ პერსონაზე 70 ლარიდან იწყება. ზღვის სეზონის დაწყებამდე ჯერ თვენახევარზე მეტია დარჩენილი, ამიტომ სასტუმროს ნომერი ახლა გაცილებით იაფია და მისი ფასი 110 ლარიდან იწყება. ამ ფასში შედის 3-ჯერადი კვება და გართობა.

სასტუმროს ადმინისტრაციის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, ძალიან ცოტა დამსვენებელია.

”ადრე ამ სეზონზეც კი, უამრავი კონფერენცია, საქმიანი შეხვედრა და საინტერესო ღონისძიება იმართებოდა. ახლა მხოლოდ იშვიათად თუ შემოგვივლიან”, - გვითხრა ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელიც იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პორტის აშენება იქაურობას გამოაცოცხლებს.

შენობის სახურავები რომ წინა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო, ამის დასტური გრანდიოზული სასტურმო ”ოქროს საწმისია”, რომელიც სტუმრებს ვერ მასპინძლობს, რადგან სახურავიდან წყალი ჩადის და ხელახლა უნდა გადახურონ...

ადგილობრივები ხშირად განიხილავენ პრემიერ-მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. პრემიერის თქმით, ახალი პორტის რამდენიმე პროექტი არსებობს. საპარტნიორო ფონდმა უკვე შეისწავლა, თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე, მიწის რა ნაკვეთები დასჭირდება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

”დაახლოებით სამ თვეში გვეცოდინება დეტალები. წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი - "კონტი ჯგუფი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განმარტებითაც, წინა ხელისუფლების დროს ხელში შეგვრჩა მხოლოდ საეჭვო ღირებულების უფუნქციო მონუმენტები. ღარიბაშვილის თქმით, სამშენებლო გათვლები არასწორად იყო გაკეთებული, რელიეფი საერთოდ არ იყო შესწავლილი და სწორედ ამის გამო, ახლო მომავალში აქაურ ინფრასტრუქტურას დაშლა ემუქრება, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად არ შესრულდება. ამის გაკეთება მართლაც რომ აუცილებელია, რადგან ანაკლიელები შეშფოთებით ამბობენ, რომ მათ ზღვა დღითიდღე უახლოვდებათ და ეს თვალნათლივ ჩანს...

ადამიანის კვალი კიდევ ერთგან შევნიშნე, - იქ, სადაც ნაპირსამაგრ ბეტონის ჯებირებს ასხამენ. მუშების თქმით, ჯებირებს, ანაკლიასა და განმუხურში იყენებენ და ფოთშიც მიაქვთ...

წინა ხელისუფლების საოცნებო ”ლაზიკისკენ” მიმავალს, დაკეტილი პატარა სახლები და თეთრი, გრძელი საცხოვრებელი კორპუსების შეჩერებული მშენებლობა მოგხვდება თვალში...

სამხედრო ზურგჩანთიანი დაცვის თანამრომელი გვაფრთხილებს, ალაგ-ალაგ ჩამოხსნილი კარ-ფანჯრები, ჩამსხვრეული შუშები და დაკარგული ინვენტარი შეგვხდებათ, ეს იქ ხდება, სადაც ჩვენი კონტროლი არ ხორციელდებაო...

შენობაში, სადაც ”ლაზიკის” იუსტიციის სახლი უნდა განთავსებულიყო, მხოლოდ ორი დაცვის თანამშრომელი, რამდენიმე სკამი და მაგიდა დაგვხვდა. შუშის შენობის ასაშენებლად, ჭაობზე ჯერ 3-მეტრიანი მიწაყრილი გაკეთდა. მის წინ თითქმის გამოუყენებელი, განათებითა და პალმების ხეივნით დამშვენებული მოასფალტებული გზა და შეჩერებული მშენებლობებია.

დაცვის თანამშრომლებმა ზრდილობიანად ამიხსნეს, რომ შიგნით ვერ შემიშვებდნენ, მაგრამ საიდუმლოდ გამიმხილეს, რომ ანაკლიაში საერთაშორისო პორტის აშენების შემთხვევაში, შენობაში ადმისტრაციული სამსახური განთავსდებაო...

ასე რომ, თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ თავის დროზე ანაკლია-განმუხურის პროექტზე კოლოსარული თანხა დაიხარჯა, ახლა მთავარია, რამდენად მიზნობრივად მოხდება მისი ათვისება...

ლალი პაპასკირი