საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ. ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებობებზე ისაუბრეს.
iTechnic-ის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებში, სადაც შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი ავუწყოთ და მოსწავლეებს თანამედროვე განათლების მიღების საშუალება მივცეთ.
"ახალი პროექტის ფარგლებში სწავლა-სწავლების პროცესი ქვეყანაში უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახდება. გაიზრდება მოსწავლეების ჩართულობა. შედეგად კი ისინი უფრო მარტივად აითვისებენ სასკოლო მასალას. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ სწავლის რუტინული და მოსაწყენი პროცესი სრულიად შეიცვალოს. მოხარულები ვართ, რომ ამ სტანდარტების დანერგვას Apple-სთან პარტნიორობით ვახორციელებთ," - განმარტავს iTechnic-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ქირია.
პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. Apple-ის ოფიციალურმა ტრენერებმა ქართული საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე თეორიული ცოდნის გაზიარების პარალელურად, პრაქტიკული მუშაობაც გაიმართა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Apple-ის ოფიციალურმა ტრენერებმა პირველად ჩაატარეს პრეზენტაცია საქართველოში ფართო აუდიტორიისთვის.