სახელმწიფო ბანკს კერძო მოწილეები ეყოლება

"საქართველოს განვითარების ბანკი" კომერციული ბანკების კონკურენტად არ უნდა იქცეს".

"საქართველოს განვითარების ბანკის" კანონპროექტის გახილვა პარლამენტში უახლოს მომავალში დაიწყება. ბანკი "საპარტნიორო ფონდის" რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება და სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდება. "განვითარების ბანკი" უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს სესხების გაცემა კომერციული ბანკის მეშვეობით, გარანტიების გაცემა, დაზღვევის ოპერაციები, ობლიგაციების გამოშვება და ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. მაგრამ, "განვითარების ბანკს" ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება.

საინტერესოა, რომ გარდა საქართველოს სახელმწიფოსი, "განვითარების ბანკს" შესაძლებელია ჰყავდეს სხვა პირები აქციონერების სახით, რომელთა კუთვნილი აქციების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 49%-ს.

კანონპროექტის თანახმად, "განვითარების ბანკს" აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და უფლებამოსილი იქნება ჰქონდეს ანგარიშები კომეციულ ბანკსა და სახელმწიფო ხაზინაში.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "სახელმწიფო ბანკის შემქნის პროცესში არსებობს მნიშვნელოვანი რისკები და გამოწვევები. "საქართველოს განვითარების ბანკი" არ უნდა იქცეს კომერციული ბანკების კონკურენტად და მხოლოდ საინვესტიციო ფუნქციები უნდა ჰქონდეს. კანონმდებლობით მას არა აქვს დეპოზიტების მიღების უფლება და ასევე სესხების გაცემას მოახდენს კომერციული ბანკების მეშვეობით, რაც ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. ბანკს აუცილებლად უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიონალი ფინანსისტების გუნდი და არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურა. თუ ეს მოხდება, იზრდება რისკი, რომ მისი მუშაობა იქნება არაეფექტური და შეიძლება სტიმული მიეცეს კორუფციულ სქემებს, რაც იქნება დაბრუნება 90-იან წლებში, როდესაც გარანტიების და არაადეკვატური სესხების გაცემის პრაქტიკა ძალიან ხშირი იყო. ბანკმა უნდა უზრუნველყოს ასევე მსხვილი ბიზნესის გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტები, "სტარტაპების"მხარდაჭერა. მსგავსი მასშტაბის ბანკის შესაქმნელად, ვფიქრობ ადგილობრივი საბიუჯეტო რესურსი საკმარისი არ იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ცხადი იყოს ვინ იქნება სახელმწიფო ბანკში წარმოდგენილი სხვა მხარეების, კერძო მოწილის თუ ინვესტორის სახით. პირველ ეტაპზე კარგი იქნება საერთოდ განვითარების ბანკის მართვის ფუნქციები გადაეცეს ან "საპარტნირო ფონდის" დღევანდელ მენეჯმენტს ან მოწვეული იქნას საერთაშორისო ოპერირების და გამოცდილების მქონე საფინანსო ინსტიტუტი მის სამართავად, რადგან გამორიცხოს ყოველგვარი საეჭვო და შესაძლო კორუფციული სქემები, რისი სურვილიც გარკვეულ პოლიტიკოსებს, ალბათ, ექნებათ".