დღევანდელ არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში.

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12902-ია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 3644 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს 4000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.

თამარ ჟვანიას განცხადებით, 21 ოქტომბერს, დილის 08.00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.

საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვთ ტრენინგი და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.