7 ქართული კომპანია, რომელმაც არჩევნებისთვის ყველაზე მეტი თანხა გაიღო

1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა მთლიანობაში 10 319 998 ლარის ოდენობის შემოწირულობა მოიზიდეს.

ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ მომზადებულ შუალედურ კვლევაშია საუბარი.

მთლიანი შემოწირულობიდან 8 274 776 ლარი (80%) 643 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაა, ხოლო 2 044 143 ლარი – 32-მა იურიდიულმა პირმა გაიღო.

ამ 32 იურიდიული პირიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების” შემომწირველია და მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა გაიღო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ შემოწირულება 90 ლარის ოდენობით.

ყველაზე მსხვილმა შემომწირველმა კომპანიებმა „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120 ათასი ლარი გაიღეს. ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს LION, „თეგეტა მოტორსი“, „დეტი“, „პარტნიორი“ და „მეეკი“.

აღსანიშნავია, რომ პირველმა სამმა კომპანიამ 2016 წელს ზუსტად იმავე ოდენობის თანხები შესწირა „ქართულ ოცნებას“.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.