ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი კანდიდატმა ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო.
ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.
სრული კვლევის სანახავად იხილეთ ბმული.
ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანზე საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა. არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებული იყო მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902 იყო. დღევანდელ არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევდა.