წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით  არჩევნებში მონაწილეობა 1 570 500 ადამიანმა მიიღო

კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს.

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 45.64%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, საერთო ჯამში კი არჩევნებში მონაწილეობა 1 570 500 ადამიანმა მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში, ამომრჩეველთა 43.4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 43.31%-ს შეადგენდა.

დღევანდელ არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევდა. ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანზე საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა.

არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებული იყო მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902 იყო.