ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში - ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.
კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,51 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი - 16.84%-ით. ამ დროისთვის 737 უბნიდან 431 უბნის შედეგებია დათვლილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც 87 უბნიდან 56-ია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ ხმების 52.83% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე - 19.46%-ით.
ამ დროის მონაცემებით, ბათუმში 103 უბნიდან 85-ია დათვლილი, რომელთა მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.06%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ - 24.46% მიიღო.
რაც შეეხება ფოთს, ამ დროისთვის 32-დან დათვლილია 31 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიამ 54.92%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო.
ქუთაისში, სადაც ამ დროის მონაცემებით 124-დან 98 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,4% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი - 27.28%. ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში სავრაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.