ქობულეთის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია იწყება

სარეაბილიტაციო სამუშოების წინასწარი ღირებულება 11 მილიონ 800 ათასი ლარია.

ქობულეთის გამგეობაში, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში, 2500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ჭარბ წყლებს მოაცილებენ.

პროექტით დაგეგმილია 3 სატუმბი სადგურის აშენება, რომლის საშუალებითაც ჭარბი წყლები მილსადენის საშუალებით ინტენსიურად გაიყვანება ფართობებიდან ზღვაში. ასევე, ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი და მოსახლეობა დატბორვისგან იქნება დაცული; არსებული ნაკრძალი შემოისაზღვრება დამბებით. მიმდებარე სოფლების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით დარეგულირდება მდინარე ტოგონის და მდინარე ოჩხამურის ნაპირები.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით ინვესტორების მოზიდვა და ადგილობრივი წარმოების გაზრდა გახდება შესაძლებელი.

პროექტირება დასრულდება მიმდინარე წლის 30 მაისს. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი პროექტის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ - მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე, უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის "უკრ ვოდპროექტის" სპეციალისტები მუშაობენ.