ამერიკის საბიუჯეტო დეფიციტმა 2013 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ამერიკის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 2017 ფინანსური წლისთვის 666 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს არის დეფიციტის მაქსიმალური მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ.

ფინანსური წელი, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, ხარჯვით ნაწილში 3,98 ტრილიონ დოლარს უდრის, ხოლო შემოსავლების ნაწილში 3,31 ტრილიონს. 2016 წლის ფინანსური წლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 587 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ მშპ-ს 3,2%. შედეგად, დეფიციტური მაჩვენებელი 2017 ფინანსური წლისთვის გაზრდილია 79 მილიარდი დოლარით.

„ბიუჯეტის დღევანდელი მაჩვენებლები ხაზს უსვამს ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. საგადასახადო სისტემის რეფორმის წყალობით და რეგულაციების შემსუბუქებით აშშ შეძლებს მშპ-ის ზრდის მაღალ ტემპებთან დაბრუნებას, ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს თავი დავაღწიოთ დეფიციტს“ - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

კოკა კვირკველია