რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის სავარაუდოდ კანდიდატად გიორგი ტყემალაძე სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ტყემალაძე აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის 9 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 56 640 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 21 875 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრობისას.

როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, გიორგი ტყემალაძე ფლობს 170 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 70 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ტყემალაძეს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე - 4 950 ლარი; ხოლო ,,თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტოზე - 6 065 ლარი ჰქონდა. ამასთან, მის სახელზე იყო „თიბისი ბანკში“ 5 000 ლარის ოდენობის სესხი, რომლის გასავალმაც წლიურად 1 585 ლარი შეადგინა და ამავე ბანკში ჰქონდა 102 530 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალიც 18 197.51 დოლარი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ტყემალაძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მისი მეუღლე ფლობს, მსუბუქ ავტომობილს TOYOTA PRADO-ს. რაც შეეხება შვილებს, მათი სწავლის საფასურის სახით ტყემალაძის გასავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში, 7 ათასი ლარი და 11 500 ევრო შეადგინა.

გიორგი ტყემალაძე ყოფილი პარლამენტარის, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის შვილია. ზურაბ ტყემალაძე წინა მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ამასთამ. არის ოცამდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორი. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წლის 5 იანვარს არის შევსებული, ზურაბ ტყემალაძე შპს ”საამოსა” და შპს ”აგუნას” პარტნიორი და სს “თბილხელსაწყოს“ აქციონერი იყო. ზურაბ ტყემელაძის ქონება არაოფიციალურად დაახლოებით 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.