არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის 1-ელი აპრილისთვის 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 122.6 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 55.7 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 66.9 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 60.86 პროცენტი შეადგინა - 0.23 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.0 პროცენტი შეადგინა.