ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე აღარ არის. ცვლილება საჯარო რეესტრის 19 ოქტომბრის ამონაწერშია ასახული.
ამონაწერის მიხედვით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მარტინ პოლ გრემი, მალიკ იშმურატოვი, ალექსეი იუსფინი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი, დავით შონია და ნურლან აბდუოვი არიან.
რაც შეეხება დირექტორატს, გენერალური დირექტორის თანამდებობას ალექსი ხოროშვილი, დირექტორის თანამდებობას კი: ალექსანდრე ლიპარტელიანი, არმენ მატევოსიანი, ზურაბ წულაია და დავით ვერულაშვილი იკავებენ, გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი დავით მელიქიძეა; ხოლო სამართლებრივ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას - ტარას ჩანტლაძე იკავებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ლადო გურგენიძე ევროპის უდიდესი ონლაინ სესხების კომპანიის 4finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, გურგენიძე ჯგუფს მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლიბერთი ბანკს“ მფლობელი შეეცვალა. კერძოდ, ბანკის საკონტროლო პაკეტის 74.64%-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია European Financial Group B.V.-მ (შემდგომში EFG) გახდა. ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ - ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).