თბილისის მეტროს სავაგონე პარკს ორი მოდერნიზებული ოთხვაგონიანი შემადგენლობა შეემატა, რომელსაც სრულიად ახალი ფორმა და დიზაინი აქვს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორივე განახლებული შემადგენლობა მეტროს პირველ ხაზზე უკვე დღეიდან იმოძრავებს.
კომპანიის ცნობით, მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და თანამედროვე ტიპის მართვის პულტით აღიჭურვა. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები.
ამასთან, მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები განთავსდა. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მსგავსი ტიპის მოდერნიზაცია ჩაუტარდა 8 ვაგონს, კაპიტალური რემონტი - 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება.