"ბიბლუსში" ქაღალდის ეკოლოგიურად სუფთა პარკები უფასოა

#გაუფრთხილდიბუნებას გულისხმობს ქაღალდის პარკების მოხმარების სტიმულირებასა და პოლიეთილენის პარკებზე მოთხოვნის შემცირებას

პორპორაციული სოციალური პასუხისმ­გებლობა თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისა და კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა, დასავლეთში კი უკვე წლებია ერთგვარ ტრენდად ჩამოყალიბდა - რაც უფრო წარმატებული ხარ ბიზნესში, მით მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გეკისრება. საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ერთ-ერთი ინოვატორია - გარემოს დაცვის ეგიდით კომპანიამ წამოიწყო საინტერესო კამპანია: #გაუფრთხილდიბუნებას,­ რომელიც გულისხმობს ქაღალდის პარკების მოხმარების სტიმულირებასა და პოლიეთილენის პარკებზე მოთხოვნის შემცირებას. "ბიბლუსში" ამჟამად ქაღალდის პარკები უფასოდ გაიცემა, პოლიეთილენის პარკები კი ფასიანია, რათა მკითხველმა არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე გააკეთოს და ბუნებას გაუფრთხილდეს. დეტალებზე "ბიბლუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი თინათინ­ ფეიქრიშვილი გვესაუბრა:

- იმის გათვალისწინებით, რომ პოლიეთილენის პარკები გარემოს მასშტაბურ ზიანს აყენებს, წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ყველა ფილიალში ქაღალდის ეკოლოგიური პარკები შემოვიტანეთ და მკითხველს ყოველდღიურად მოვუწოდებთ,­ პოლიეთილენის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის პარკები გამოიყენონ და შესაბამისად, ბუნებას გაუფრთხილდნენ. მსგავსი კამპანია "ბიბლუსში" წლების წინ დაიწყო, თუმცა, ის ერთი თვის წინ ისევ განვაახლეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის პარკების დამზადების ღირებულება რამდენჯერმე აღემატება პოლიეთილენის პარკის დამზადებას, პოლიეთილენზე მოთხოვნის შესამცირებლად "ბიბლუსში" ქაღალდის ეკოლოგიური პარკები უფასოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კამპანიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. აღსანიშნავია, რომ ქსელის კონსულტანტებიც დიდი მონდომებით მონაწილეობენ და დეტალურად აცნობენ მომხმარებლებს, რამდენად დიდ ზიანს აყენებს პოლიეთილენის პარკები გარემოს.

- რა ნაყოფი გამოიღო ერთთვიანმა აქტიურმა კამპანიამ?

- ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგი უკვე თვალსაჩინოა - მას შემდეგ, რაც პოლიეთილენის პარკები ფასიანი გახდა, ქაღალდის კი უსასყიდლოა ყველასთვის, პოლიეთილენის პარკზე მოთხოვნა სამჯერ შემცირდა და იმედია, ეს ციფრი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, იზრუნონ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ, და ერთად შევქმნათ ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამსახურის წარმომადგენელი­ ვიკა მეტრეველიც. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობა იგრძნოს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილი შეიტანოს, რასაც "ბიბლუსი"­ აქტიურად ახორციელებს:

- პოლიეთილენის პარკები მართლაც ყველაზე დიდ პრობლემად იქცა, რადგან გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება. ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მის სრულად დეგრადაციას ასწლეულები სჭირდება, შესაბამისად, პოლიეთილენის პარკები უკვდავი ნაგვის სახით გვევლინება.

ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ერთჯერადი გამოყენების პარკებზე ვსაუბრობთ, მისი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება. პოლიეთილენის პარკები ქარს გადააქვს და შედეგად დაბინძურებულია ტყეები, რეკრეაციული ზონები, ტბები და მდინარეები. დიდი რესურსია საჭირო, რომ როგორც ამ ადგილების დასუფთავება, ასევე მისი სწორად მართვა მოხდეს. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უფრო მასშტაბური კამპანიის ჩატარება, თუ რა ზიანს აყენებს ეს პროდუქტი გარემოს და რატომ არის მისი შემცირება მნიშვნელოვანი.

მისასალმებელია, რომ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთო "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი - ჩვენ სწორედ მსგავსი­ პროექტის აქტიური მხარდაჭერა, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და პასუხისმგებლობა გვჭირდება, რომ გარემოზე ერთობლივი ძალებით ვიზრუნოთ.

რუსუდან შელია