საქართველოში „სილქ თაუერის“ აშენება იგეგმება. პროექტის განხორციელებას „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს. ამის შესახებ, კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა უკვე შეჩერებულია. ვიწყებთ ახალ პროექტს. ეს იქნება ახალი ბრენდი, „სილქ თაუერი“. ახალი თაუერი თავისი კონცეფციით იგივე იქნება, რაც „ტრამპ თაუერი“ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ სხვა წარწერა ექნება. ამასთან, პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან მემორანდუმს ხელი უკვე მოვაწერეთ და ახალი „თაუერის“ პროექტის დასაწყებად მზად ვართ“,- აღნიშნა რამიშვილმა.
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2011 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფორმდა. თუმცა, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროექტი აღარ განხორციელდებოდა.