საქართველოში ზარის წამოწყებისა და დასრულების ტარიფები მცირდება

მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები დაადგინა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე კონკურენციის კვლევას და ანალიზს ატარებს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან და შვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა. მიმდინარე კვლევის ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების BU LRIC მეთოდოლოგია გამოიყენა აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდა სატელეფონო მომსახურების ბაზრებზე ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ამ მომსახურებებზე BU LRIC მოდელით გაანგარიშებული ტარიფების დადგენა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის ცნობით, დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი (გადასახადების ჩათვლით) წუთზე - 2 თეთრს შეადგენს, ხოლო მობილურ ქსელში - 3,5 თეთრს.

კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთიერთჩართვის) ტარიფი ეტაპობრივად შემცირდება, პირველი შემცირება 2018 წლის 1 ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი კი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„მობილური სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „ჯეოსელითვის“ და შპს „მობიტელისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა: 2018 წლის 1 ივლისიდან ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) - 2.16 თეთრი; ზარის დასრულება კი - 1.81 თეთრი იქნება; 2019 წლის 1 იანვრიდან კი ზარის წამოწყება - 1.44 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება 0.75 თეთრი გახდება.

რაც შეეხება ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზარს, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სს „სილქნეტისთვის“, შპს „ახალი ქსელებისთვის“, შპს „ახტელისთვის“, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „ივერია ქსელებისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა: 2018 წლის 1 ივლისიდან ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე 1.04 თეთრი იქნება, ტრანზიტულ დონეზე - 1.05 თეთრი იქნება; ზარის დასრულება კი ადგილობრივ დონეზე - 0.99 თეთრი, ხოლო ტრანზიტულ დონეზე - 1.01 თეთრი ეღირება.

2019 წლის 1 იანვრიდან კი ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე - 0.38 თეთრი, ტრანზიტულზე - 0.41 თეთრი; ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე - 0.28 თეთრი, ხოლო ტრანზიტულზე - 0.32 თეთრი იქნება,“- ნათქვამია განცხადებაში.