საქართველოს სხვადასხვა რაიონში აგვისტოში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციაზე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
"ბიზნესპრესნიუსმა" შესაბამისი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
საუბარია ბორჯომის ხეობაში, აბასთუმანში, ახალდაბაში, ახალციხეში, ხულოში, კახეთის რეგიონში, თუშეთში, ფშავსა და თბილისში გაჩენილ ხანძრებზე.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრების ლიკვიდაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 261 669 ლარი, დახმარების სახით მიღებული შემოსავლებიდან კი 205 000 ლარი დაიხარჯა, რაც ჯამურად 466 669 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან თანხები შემდეგი მიმართულებით დაიხარჯა: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება - 50 400 ლარი, საწვავი - 190 287 ლარი, საბურავები - 1 920 ლარი, ზეთი - 200 ლარი, სათადარიგო ნაწილები - 280 ლარი, სამივლინებო ხარჯები - 18 582 ლარი.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ სააგენტოს ბიუჯეტიდან საავიაციო საწვავის ხარჯების დაფინანსება არ განხორციელებულა, რამდენადაც სამაშველო სამუშაოებში სააგენტოს დახმარება გაუწია სხვადასხვა უწყებებისა და ქვეყნების წარმომადგენელმა სამაშველო ძალებმა.
რაც შეეხება ხარჯებს, რომელიც შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან არ გაწეულა და მიღებულ იქნა დახმარების სახით, ასეთია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ გადმოცემული მშრალი კვების კომპლექტები - 205 000 ლარი.