მინერალური წყლების ექსპორტში 125 %იანი მატებაა

საქართველოს მინერალური წყლების საექსპორტო მაჩვენებელი მატულობს.

2014 წლის პირველის კვარტალის ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, მინერალური წყლების ექსპორტმა 34 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. შარშან ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 15 ათასი დოლარი იყო. გამოდის, რომ წყლების ექსპორტში 125%-იანი მატებაა.

სპეციალისტების ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებით ექსპორტის მოცულობა ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ამ ქვეყანაზე მოდის ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი და მინერალური წყლების მეოთხედზე მეტი. ღირებულებითი მაჩვენებლით მან 2005 წლის პიკურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. არჩვაძის ინფორმაციით, რუსეთში 1 ლიტრი ქართული მინერალური წყლის ფასი საქართველოდან ამავე მოცულობის საექსპორტო ფასს უტოლდება.

”ამჟამად რუსეთში ქართული მინერალური წყლის ღირებულება, მის ემბარგომდელ ფასთან შედარებით, გაოთხმაგებულია. ამ ეტაპზე იგი იმ მაჩვენებელსაც აღემატება, რაც ღირდა ქართული ღვინო რუსეთში 9 წლის წინ. ერთიც და მეორეც რუსულ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ვფიქრობ, ეს ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე დეფიციტისა და ნოსტალგიის ფაქტორების თანხვედრამ გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ღვინო რუსმა მომხმარებელმა დააგემოვნა, აღიარა, რომ ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ხარისხი. საბაბი ამისთვის ნამდვილად აქვთ, ფრანგულთან შედარებით ქართული ღვინო 1 დოლარით ძვირი ნამდვილად არ უნდა ღირდეს.

ასევე უპრეცენდენტოდ მაღალია იქ ჩვენი მინერალური წყლების ფასი. ასე გაგარძელდება, სანამ ამ ნაწარმზე ჯერ კიდევ ნოსტალგიაა და დიდი ხნის უნახაობის ეფექტი არ განელდება. შემდეგ, სავარაუდოდ, ყველაფერი ჩვეულებრიდავ გაგრძელდება, თუმცა ქართულ მინერალურ წყლებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება, ”- აცხადებს სოსო არჩვაძე.

ქართული კომპანიების უმეტესობა რატომღაც მინერალური წყლების საექსპორტო მონაცემებს არ ახმოვანებს. მაშინ, როცა ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებლებზე ინფორმაცია ყოველთვიურად ვრცელდება, მინერალური წყლების ბიზნესში მაქსიმალურად ცდილობენ ამ მონაცემების დამალვას, რის გამოც საექსპორტო მონაცემები მედიაში იშვიათად ხვდება. მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიებისგან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია.

ცნობილი ფაქტია, რომ ქართულ მინერალურ წყალზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო. აქედან გამომდინარე, ექსპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა 2006 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. რუსულმა ემბარგომ, ერთი მხრივ, ქართული მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს ბევრი პრობლემა შეუქმნა, ამასთან მათ ახალ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობის მოტივაცია გაუჩინა.

ამ ეტაპზე რუსეთის მიმართულებით ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი ისევ ღვინოსა და მინერალურ წყლებს აქვს. კომპანია ”წყალი მარგებელში”, რომელმაც რუსეთში მიმდინარე წლის იანვრიდან ”ნაბეღლავის” რეალიზაცია დაიწყო, ადასტურებენ, რომ მოთხოვნა მათი ნაწარმის მიმართ თანდათან მატულობს.

”სულ რამდენიმე თვეა, ექსპორტს რუსეთის მიმართულებით ვახდენთ. ამიტომ ბაზრის წილზე საუბარი ძალიან ადრეა, თუმცა მოთხოვნა დინამიკურად იზრდება. გარდა რუსეთისა, ”ნაბეღლავი” გამოირჩევა დიდი მოთხოვნით დსთ-ს ქვეყნებში, ევროპაში, თურქეთში, ისრაელის მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სამწუხაროდ, საექსპორტო მაჩვენებელებსა და ფასებზე ვერ ვისაუბრებთ”,- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია ”საირმეს” წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთში ქართული მინერალური წყლების, მათ შორის, ”საირმეს” მიმართ მოთხოვნა დღითი დღე მატულობს. კომპანიის ექსპორტის დირექტორი, ირაკლი კირვალიძე ამბობს, რომ წლის პირველი კვარტალის საექსპორტო მონაცემები საუკეთესოა, თუმცა კონკრეტული მონაცემების დასახელებისგან მაინც თავს იკავებს. მისივე თქმით, კომპანია მორიგი ცვლილებებისთვის ემზადება, შეიძლება ეს ფასსაც შეეხოს, მაგრამ დეტალებს არც ამ შემთხვევაში ახმაურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ”ფლატე” არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, მისი ცნობადობა ჯერჯერობით ისევ დაბალია. მინერალური წყალი ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერტიფიკატის მისაღებად რუსეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ დოკუმენტის მიღებას ”ფლატეში”, როგორ მისი წარმომადგენელი ამბობს, დაახლოებით 1 თვეში ელოდებიან. ამის შემდეგ, შესაძლოა, კოპანია რუსულ ბაზარზე გავიდეს.

მარი ჩიტაია