პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობაზე ისაუბრა.
თავის მისალმებაში დიმიტრი ქუმსიშვილმა კვირეულის მონაწილეებს, ასევე, გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს 20-წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, 2016 წელს OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 46,5 პროცენტი შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა. ასევე 46-პროცენტიანი წილი მოდის აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობაში.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა OECD-ისთან თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება, საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საჯარო მმართველობის რეფორმირება და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ურთიერთობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის ფარგლებში. საბჭოს შექმნის მიზანია, საქართველო-OECD ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების ხელშესაწყობად.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სიმბოლური უწოდა „OECD ევრაზიის კვირეულის“ სწორედ ყაზახეთში გამართვას. ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველო და ყაზახეთი აბრეშუმის გზის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებია. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გლობალურ კონტექსტში ახლებური პოზიციონირების შესაძლებლობას აძლევს.
„OECD ევრაზიის კვირეული“ წელს პირველად ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმატიში და მას რეგიონის 13 სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. კვირეულის ოფიციალურ გახსნაზე, ასევე, მისასალმებელი მოხსენება გააკეთეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა, აგრეთვე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეებმა, აზიმ იბროჰიმმა და ნოდირ ოტაჯონოვმა.